JUDOINSIDE | "მაისურაძეს რეალური შანსი აქვს, რომ წელი პარიზში ჩემპიონობით დაიწყოს"
ძიუდოს 2026 წლის ტურს ძალიან პრესტიჟული და წონიანი შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გახსნის, რომელიც 7-8 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება.
ქართველები პარიზში 10 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც ათივე კაცი იქნება. ასევე ცნობილია, რომ 60 კგ-ში წარმომადგენელი არ გვეყოლება და ნაკრების რამდენიმე ლიდერი დაისვენებს.
2026 წელს ძიუდოს სტარტის წინ, ძიუდოს ცნობილი გამოცემა "JUDOINSIDE", პარიზის გრანდ სლემზე წონების ლიდერებს ასახელებს, სადაც 90 კგ წონით კატეგორიაში, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ლუკა მაისურაძე მოიხსენიეს.
"90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 49 სპორტსმენია წარდგენილი და ამ წონაში დიდი ბრძოლა გაჩაღდება.
წონის მთავარი ფავორიტები, იაპონელი - გოკი ტაჯიმა და ლუკა მაისურაძე იქნებიან. ტაჯიმა, რომელმაც ბრწყინვალე 2025 წელი აჩვენა, გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ტოკიოს გრანდ სლემზე მოიპოვა ვერცხლის მედალი და ა.შ
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია და ამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოს არსენალი აქვს. მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, იგი დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ლუკა მაისურაძე ქაღალდზე ყველაზე სერიოზულ კონკურენტად გამოიყურება გოკი ტაჯიმასთვის და ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, რომ პარიზის გრანდ სლემი მოიგოს..." - ვკითხულობთ JUDOINSIDE-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 28 წლის ქართველი ძიუდოისტი, ფინალში სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან - ჯონჰონ კიმთან დამარცხდა.
ლუკა მაისურაძეს პარიზულ ტატამიზე 8 თებერვალს ვიხილავთ.