გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ, გერმანულ „გუმერსბახთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ განაგრძობს.
handball-world.news-ის თანახმად, 23 წლის მოთამაშეს შეუძლია, გუნდს სიახლე, სისწრაფე და მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა შესძინოს.
„იგორ კარაჩიჩის შემდეგ, მეორე დიდი სახელი, ვინც ახალ სეზონში „ზაგრებში“ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი გორგი ცხოვრებაძეა. 23 წლის მოთამაშე ხორვატულ გუნდის სიახლეს, სისწრაფესა და მეტი გოლის გატანის შესაძლებლობას შესძენს. ანდრია ნიკოლიჩის სამწვრთნელო გუნდს ახალ სეზონში ქართველი ხელბურთლის დიდი იმედი აქვს“, – წერს გამოცემა ცხოვრებაძის ტრანსფერზე.
„ზაგრები“ ახალ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, სადაც პირველ მატჩს 11 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს - გიორგი ცხოვრებაძე კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გახდება, ვინც ამ პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.