საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისრაელთან პირველი მატჩი წააგო
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორმატჩიანი პლეი ოფის პირველი შეხვედრა ჩაატარა და ისრაელთან 29:32 დამარცხდა. თამაში თელავში შედგა. მეორე მატჩი სტუმრად, ისრაელში უნდა გვეთამაშა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ეს შეხვედრაც თელავში ჩატარდება და ისრაელი ნომინალური მასპინძელი იქნება (21 მარტი).
ჩვენი ნაკრებიდან გამორჩეული იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც სტუმრებს 12 გოლი გაუტანა. 1 ბურთით მოგებული (16:15) პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველომ ინიციატივა სრულად დაკარგა და მატჩის ბოლომდე ჩამორჩენაში იყო. ახლა ჩვენი ამოცანა, მეორე თამაშის 3 ან მეტი ბურთით მოგებაა. წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს დაუპირისპირდება, ასე რომ, ისტორიაში პირველად მსოფლიოზე მოხვედრა, დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.