ფუტსალი | FLC03 საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება
3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც "ტფილისი" - "FLC03"-ს დაუპირისპირდება.
რეგულარული სეზონისა და პლეი-ოფის მატჩებში დაფიქსირებული რეზულტატიდან გამომდინარე, გულშემატკივარს უშეღავათო ბრძოლა ელის, სადაც გამარჯვებისთვის ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. "ტფილისი" ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დომინანტი პირველადგილოსანია - გუნდმა 14 მატჩიდან 10-ის მოგება შეძლო. რაც შეეხება "FLC03"-ს, "ფალკონები" პლეი-ოფში დამაჯერებლად ასპარეზობენ. "FLC03"-მა 1/4-ფინალურ სერიაში ვიცე-ჩემპიონი, "ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია" დაამარცხა, ხოლო 1/2-ფინალში "სეუ"-ს ბარიერი დაძლია.
ფინალურ სერიაში "ფალკონების" მთავარი შემტევი ძალა გიორგი ხმალაძე იქნება, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში, 12 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ასევე, შედეგიანი თამაშით გამოირჩევიან დავით ბერაძე (8 გოლი, 6 ასისტი) და ბექა მირიანაშვილი (8 გოლი, 3 ასისტი).
ფინალური სერიის წინ, "FLC03"-ის დამფუძნებელი და კაპიტანი გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს და მატჩის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
გუნდში განწყობა ამაღლებულია, რა თქმა უნდა, ფინალური სერიის წინ ტემპერატურაც იმატებს, თუმცა ეს გუნდს უფრო აძლიერებს. ვიცით რა გზა გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად და ახლა უკან დახევას და გაჩერებას არ ვაპირებთ. - თორნიკე ზოიძე.
შეგახსენებთ, ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის პირველი მატჩი, 3 მაისს, 21:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.