Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები და ბადეები ცნობილია (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
7 წთ
23 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. 24-31 ივლისს კი ძიუდოს შეჯიბრები გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 9 სპორტსმენი წარსდგება. თბილისის დროით 09:00 საათზე იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში ძიუდოს წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს. ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება. ქართველი მსოფლიო ჩემპიონი C ბადეში იქნება წარდგენილი. ჩხვიმიანის მეტოქე მეორე ეტაპზე ბრიტანელ - ეშლი მაკენზისა და აზერბაიჯანელ - კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული იქნება. ქართველ ფალავანს ბადეში ჰყავს მასპინძელი და ამ წონის მთავარი ფავორიტი - ნაოჰისა ტაკატო, რომელსაც მეორე ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში 1/4 ფინალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანს ნაოჰისა ტაკატო 2019 წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰყავს დამარცხებული, სადაც ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს - ვაჟა მარგველაშვილი. მარგველაშვილი D ბადეში იასპარეზებს, სადაც განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მარგველაშვილის მეტოქე რუს - იაკუბ შამილოვსა და გერმანელ - სებასტიენ სიედლს შორის გამარჯვებული იქნება. წესითა და რიგით ვაჟა მარგველაშვილის D ბადეში გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს და ნახევარფინალამდე უნდა მივიდეს.

-73 კგ 

ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას. შავდათუაშვილი სახარბიელო ბადეში მოხვდა და ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. C ბადეში ლაშა განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ბრაზილიელ - ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ - გუილემ ჩაინს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ამ წონაში დაუმარცხებელი იაპონელი - შოჰეი ონოა, რომელიც A ბადეში მიიღებს მონაწილეობას, ამავე ბადეში იქნება მოქმედი ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, აზერბაიჯანელი - რუსტომ ორუჯოვი. სავარაუდოდ, A ბადეში 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ფინალი განმეორდება (რუსტამ ორუჯოვი Vs. შოჰეი ონო). ასევე მოგახსენებთ, რომ შოჰეი ონო 4 წელია დაუმარცხებელია.

-81 კგ 

-81 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს - ტატო გრიგალაშვილი. გრიგალაშვილი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე გუამელ - იოშტერ ანდრიუსა და ტაჯიკ - აკმალ მუროდოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ტატო გრიგალაშვილს საკმაოდ მარტივი ბადე აქვს და შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ წარმატებულად ასპარეზობის შემთხევაში, 21 წლის ქართველ ფალავანს 1/4 ფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. 1/4 ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, ირანელი სპორტსმენი, რომელიც მონღოლეთის სახელით გამოდის - საიდ მოლაი იქნება.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური გვყავს. ბექაური B ბადეში მონაწილეობს და მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში, სადაც პოლონელი მეტოქე - პიოტრ კუცზერა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩეხ - დავიდ კლამერტსა და ისრაელის წარმომადგენელ - ლი კოჩმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტატო გრიგალაშვილის მსგავსად, ლაშა ბექაურსაც საკმაოდ მარტივი ბადე აქვს და ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. თუ ბექაური ნახევარფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი. მოქმედი ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი (-90 კგ-ში) A ბადეში მიიღებს მონაწილეობას და ამ ბადეში ერთადერთი განთესილი იქნება. ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე მეორე ეტაპზე, პაკისტანელ - ჰუსეინ შაჰ შაჰსა და ეგვიპტელ - რამადან დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება. მესამე ეტაპზე კი მისი სავარაუდო მეტოქე, საკმაოდ ძლიერი კანადელი მეტოქე - შედი ელნაჰასი იქნება. ვარლამ ლიპარტელიანი ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და სავარაუდოდ ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს.

+100 კგ

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი დაიცავს. თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, რადგან იგი განთესილი იქნება. თუშიშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკ - ტემურ რახიმოვსა და კუბელ - ენდი გრანდას შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში, ბადის ფინალში ( შეჯიბრის 1/4 ფინალში) ქართველი ფალავნის მეტოქე, ბრაზილიელი - რაფაელ სილვა იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტატამზე მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ფრანგი - ტედი რინერი დაბრუნდა, რომელიც A ბადეში მონაწილეობს. თუ გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი ნახევარფინალში გავლენ, ისინი ერთმანეთს სწორედ ნახევარფინალში შეხვდებიან.

-52 კგ

-52 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი. შუკვანის შანსები მცირედია, რადგან იგი A ბადეშია განთესილი და განთესილიც არ არის, მისი მეტოქე ჰაიტელი - საბიანა ანესტორი იქნება. ჰაიტელი მეტოქის დამარცხების შემთხევაში ქართველი ფალავანი, ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს - ამანდინ ბუშარს შეხვდება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს, რომელსაც საკმაოდ კარგი ბადე და შანსი აქვს. ეთერი B ბადეში მონაწილეობს და განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ანგოლელი მეტოქე - დიასონემა მუკუნგუი იქნება. ანგოლელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ლიპარტელიანი 1/8 ფინალში გერმანელ - სტერეზა სტოლს დაუპირისპირდება. ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდო 24 ივლისს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება. ტოკიოს ოლიმპიადაზე, თითოეული ქართველი ძიუდოისტის ბრძოლა შეგიძლიათ იხილოთ Live.ge-ს საიტზე. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.

სხვა სტატიები