Belive

"ბრიტანეთის ყველაზე ცუდი მოკრივის" საოცარი ისტორია

1 წლის წინ სხვა
4 წთ

"ჩემი ამბიცია იყო, რომ ხალხს დავმახსოვრებოდი, მაგრამ არა, როგორც დამარცხებული. ისეთი რამის გაკეთება მინდოდა, რაც არავის ჰქონდა გაკეთებული."

ეს სიტყვები რობინ დიკინს ეკუთვნის, რომელიც "ბრიტანეთის ყველაზე ცუდი მოკრივის" სახელით იყო ცნობილი. მან კარიერის განმავლობაში ზედიზედ 51 ბრძოლა წააგო და მსოფლიოს ასე გააცნო თავი.

თუმცა, ეს სტატისტიკა ისტორიის მთლიან სურათს ვერ გვაჩვენებს. რობინს პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია.

ის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და ფეხზე 40-ზე მეტი ოპერაციის გადატანა მოუწია. მისთვის ბავშვობა ძალიან ტრავმული აღმოჩნდა, რადგან 6 წლამდე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

მობილობის გასაუმჯობესებლად დიკინსმა კრივზე ვარჯიში გადაწყვიტა. მწვრთნელები რთული გამოწვევის წინაშე დადგნენ, თუმცა სავარძელში მჯდომ პატარა ბიჭუნას მაინც ავარჯიშებდნენ.

"ჩემს ეტლში ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი. მწვრთნელები ჩემზე ამბობდნენ, რომ თუ სიარულს შევძლებდი საკმაოდ კარგი მოკრივე ვიქნებოდი. ფიზიოთერაპიისა და ოპერაციების შემდეგ, ცოტა მოვძლიერდი და ვარჯიშების ინტენსივობაც ნელ-ნელა გავზარდე. საბოლოოდ დავიწყე სიარული და პატარ-პატარა ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმაც შევძელი. მთელი ბავშვობა ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და ამ პატარა გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემმატა. ამ ყველაფერში კი კრივი დამეხმარა. ვარჯიშებმა ფეხები საკმაოდ გამიძლიერა. "

წლების განმავლობაში ბრიტანელის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და საბოლოოდ მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სამოყვარულო ბრძოლა ჩაეტარებინა. სხვათაშორის, ამ შეჯიბრზე მან ვერცხლის მედალი მიიღო. გარდა ამისა, რობინმა შეძლო და ნახევარფინალამდე მიაღწია ABA ჩეპიონატზე, კვიპროსში, ლიმალოსის თასზე კი ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

76 ბრძოლიანი სამოყვარულო კარიერის შემდეგ, დიკინსმა პირველი პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრა ლონდონის ისტორიულ იორკ ჰოლში გაიმართა. რობინის მოწინააღმდეგე შონ უოლტონი იყო, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია.

თუმცა, მის კარიერაში ყველაზე საინტერესო გზა სწორედ ახლა იწყებოდა. უოლტონთან ჩატარებული ბრძოლის შემდეგ, რობინს ახალი შეხვედრა მალევე ჩაუნიშნეს. მისი მოწინააღმდეგე ედუარდს კრაუკლი იყო, რომლის წინააღმდეგაც დამარცხდა. ამ შეხვედრის შემდეგ, რობინსმა 9 წლის განმავლობაში, ვერცერთი ბრძოლა მოიგო.

" ჩემთვის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მომწონდა, როცა ტკივილს ვგრძნობდი. ტკივილზე დამოკიდებული ვიყავი. სულელურად ჟღერს, მაგრამ მიყვარს ის, რასაც ხალხი ერიდება."

მისი კარიერაში 2014 წელს საინტერესო რან მოხდა, როდესაც ბრიტანული კრივის კონტროლის საბჭომ, მისივე უსაფრთხოების გამო, ბრძოლის ლიცენზია ჩამოართვა. მაგრამ, რობინსმა სხვა გზა მოძებნა. ბრიტანელმა გერმანული კრივის ლიცენზია მიიღო და იქ შეძლო ბრძოლების ჩატარება. საბოლოოდ, მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და 2015 წელს კარიერაში მეორე ბრძოლა მოიგო. ამჯერად მისი მეტოქე ლატვიელი მოკრივე დენის კორნილოვსი იყო. საინტერესოა, რომ ეს ბრძოლა იმავე რინგზე გაიმართა, სადაც მისი პირველი პროსფესიონალური შეხვედრა შედგა. ამ ბრძოლის შემდეგ, რობინსმა ემოციები ვერ დამალა და რინგზე ცრემლებად დაიღვარა. მისი თქმით, ეს არ იყო ბედნიერების ცრემლები, ეს უფრო შვება იყო.

საბოლოოდ, დიკინმა ხელთათმანები 2018 წელს ჩამოკიდა კედელზე და პროფესიონალური კარიერა მხოლოდ ორი მოგებით დაასრულა.

სხვა სტატიები