ბოიკოტი IJF-ს | უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 92 ქვეყნის, 567 ძიუდოისტია რეგისტრირებული.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ შემადგელობა დასახელებული ჰყავდა უკრაინის ნაკრებსაც, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტიდან მათი შემადგენლობა გაქრა.
საქმე იმაზე მძიმედაა ვიდრე წარმოგვედგინა, კერძოდ - უკრაინის ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, რის გამოც ისინი მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩაეხსნენ. მიზეზი კი ის არის, რომ 2025 წლის 1 ივნისიდან, ბელარუს სპორტსმენებს უფლება ეძლევათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული სიმბოლიზმის ქვეშ იასპარეზონ - ანუ ნეიტრალური დროშა აღარ ექნებათ და ბელარუსის სახელით, დროშითა და ჰიმნით მიიღებენ მონაწილეობას.
ამ ფაქტის შემდეგ, უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"2025 წლის 16 მაისს, ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1 ივნისიდან, ბელარუს სპორტსმენებს უფლება ეძლევათ საერთაშორისო შეჯიბრებები ეროვნული სიმბოლიზმის ქვეშ მიიღონ მონაწილეობა.
ამის საპასუხოდ, უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ ფორმალურად მიმართა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ამ ინფორმაციის დადასტურების მოთხოვნით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას აგრესორი ქვეყნების სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის შესახებ.
2025 წლის 23 მაისს უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ მიიღო ოფიციალური პასუხი IJF-ისგან, რომლითაც დადასტურდა აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება. კერძოდ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ "IJF ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სპორტი ემსახურება დიალოგის, ერთიანობისა და გაგების პლატფორმას.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს 2023 წლის 26 ივლისის No4435 ბრძანებით, უკრაინის ძიუდოს ფედერაცია იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ არ მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 13-19 ივნისს გაიმართება.
უკრაინის ძიუდოს ფედერაცია მკაცრად გმობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას და მსოფლიო სპორტულ მოძრაობაში სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
დარწმუნებულები ვართ, რომ აგრესორი ქვეყნების სპორტსმენების მონაწილეობა ეროვნული ნიშნით არის არა მხოლოდ პოლიტიკური სიბრმავე, არამედ ომისა და საერთაშორისო სამართლის მსხვერპლთა მიმართაც. უკრაინის ძიუდოს ფედერაცია განაგრძობს თანმიმდევრულად დაიცვას პოზიცია, რომელიც ეფუძნება უკრაინელი ხალხის მორალურ ღირებულებებს, თავისუფლებასა და ღირსებას." - ვკითხულობთ უკრაინის ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში