Belive

ავსტრიაში წილისყრა შედგა | ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

9 საათის წინ სხვა
5 წთ

6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქი უპერი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ავსტრიის გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენითა და უძლიერესი შემადგენლობით წარდგება.

11 სპორტსმენიდან, ყველა ქართველი 2026 წელს ტატამიზე პირველად გამოჩნდება, საიდანაც 10 კაცი, ხოლო 1 ქალი იქნება.

შეჯიბრი ხვალ, 6 მარტს დაიწყება, რამდენიმე წუთის წინ კი ავსტრიაში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - თორნიკე გიგაური და ძალიან გამოცდილი ვაჟა მარგველაშვილი დაიცავენ.

19 წლის თორნიკე გიგაური A ბადეშია განუთესავი, სადაც ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს და სერბ მატია იერემიჩს შეხვდება. სერბული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ავსტრიელი - ალექსანდრ ბლუმე იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, გამოცდილი ქართველი D ბადეშია განთესილი და მეტოქეს დაელოდება, რომელიც არგენტინულ - იაპონურ დაპირისპირებაში გაირკვევა. მარგველაშვილს ბადეში ყველაზე ძლიერი მეტოქე, ყაზახი - გუსმან კირბიზბაევი ჰყავს.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - გიორგი ტერაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებენ.

გიორგი ტერაშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე წრიდან ერთვება, სადაც ფინელ - ვალტერ ოლინს დაუპირისპირდება. ფინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ტერაშვილის მეტოქე, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველი - ოთარ კვანტიძე იქნება.

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი C ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს, სადაც ალჟირულ - სერბულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა შავდათუაშვილს საკმაოდ მარტივი ბადე აქვს და მინიმუმ 1/2-ფინალამდე უნდა მივიდეს.

81 კგ

81 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ზაურ დვალაშვილი დაიცავს.

დვალაშვილი C ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მეტოქე, ებრაულ - სერბულ დაპირისპირებაში გამოვლინდება. მას საკმაოდ კარგი ბადე შეხვდა და თუ თავის შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენს, მედლის მოპოვების საკმაოდ დიდი შანსი ექნება.

90 კგ

90 კგ-შიც 2 წარმომადგენელი გვეყოლება - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი.

ტატო ძალებს არა თავის წონაში, არამედ ამჯერად 90 კგ-ში მოსინჯავს, სადაც ჭიდაობა საკმაოდ კარგად გამოსდის. იგი B ბადეში იქნება განთესილი და მეორე ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც ბრიტანელ - ჯამალ პეტგრავს შეხვდება. ბრიტანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ტატო გრიგალაშვილის მეტოქე, ძალიან გამოცდილი ჩეხი ძიუდოისტი - დავიდ კლამერტი იქნება.

რაც შეეხება 20 წლის მსოფლიო ჩემპიონს - ლუკა ჯავახიშვილს, ლუკა IJF ტურში პირველად მიიღებს მონაწილეობას, სადაც მეორე რაუნდში, მისი მეტოქე, გერმანელი - ლასე შვრიევერი იქნება. გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ლუკა ჯავიხიშვილის მეტოქე, იტალიურ - სერბულ დაპირისპირებაში გაირკვევა.

100 კგ

2025 წლის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, 100 კგ-ში ბრუნდება ილია სულამანიძე.

ილიას ძალიან მაგარი 2025 წელი ჰქონდა, თუმცა იგი გვპირდება, რომ უკეთესი 2026 წელი ექნება.

სულამანიძე C ბადეშია განთესილი, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც ფრანგ - მაქსენს ბორდინს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი იტალიურ - სლოვაკურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ილია სულამანიძე ამ ტურნირზე 100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ლიდერია.

+100 კგ

მძიმე წონაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება - გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.

გურამ თუშიშვილი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, რადგან ამ წონით კატეგორიაში ამ შეჯიბრზე ერთადერთია, რომელიც განთესილი იქნება, შესაბამისად მეორე რაუნდში იგი თავის მეტოქეს, თურქულ - იაპონურ დაპირისპირებაში გაარკვევს (იბრაჰიმ თათაროღლუ Vs. კაიტო ტოკიტა).

ძიუდოს ექსპერტების აზრით, გურამ თუშიშვილი ამ შეჯიბრის მთავარი ფავორიტია.

რაც შეეხება ირაკლი დემეტრაშვილს, ირაკლი B ბადეშია განუთესავი, შესაბამისად პირველივე ეტაპზე ესტონელ - მარეკ-ადრიან მასაკს შეხვდება. ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ირაკლი დემეტრაშვილის მეტოქე, იაპონელი - იაკივ ხამო იქნება.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონაში ტრადიციული წარმომადგენელი გვეყოლება - სოფიო სომხიშვილი.

სოფიო B ბადეში განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში, სადაც მისი მეტოქე უკრაინულ - ყაზახურ დაპირისპირებაში გაირკვევა.

სოფიოს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და საკმაოდ რეალური შანსი აქვს, რომ მედლისთვის იბრძოლოს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები