"არ ვფიქრობ, რომ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვარ" - მერაბ დვალიშვილი
UFC 320-ზე დომინაციის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მერაბ დვალიშვილს ჰკითხა თვლიდა თუ არა თავს სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად (GOAT), რაზეც დვალიშვილმა თავმდაბლობა გამოიჩინა და საინტერესო პასუხი გასცა.
მე აქტიური მებრძოლი ვარ. 2 უფროსი ძმა მყავს და ერთ-ერთი 17 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების პილოტი იყო. ის ყოველთვის ამბობს, რომ არ თქვა, რომ პილოტი ვარ, სანამ კარიერას არ დაასრულებ და შვილიშვილებს არ მოუყვები ამის შესახებ. მანამ, სანამ მოქმედი ხარ, ყოველთვის განაგრძე სწავლა.
მე აქტიური მებრძოლი ვარ და არასდროს ვიტყვი, რომ ყველა დროის საუკეთესო ვარ. მე ვაგრძელებ სწავლას, ვაგრძელებ წინსვლას. ეს არის MMA და მუდამ თავმდაბალი უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმე სხვა გაიძულებს თავმდაბლობას. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ვიყო უკეთესი და შესაძლოა ერთ დღეს, თუ ღმერთი ინებებს ჩემს შვილიშვილებს ვუთხრა, რომ ოდესღაც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ვიყავი, მაგრამ ამჟამად ასე არ ვფიქრობ. - მერაბ დვალიშვილი.
Merab Dvalishvili won't declare himself the bantamweight GOAT after his win at #UFC320:
— MMA Fighting (@MMAFighting) October 5, 2025
"I don't consider myself the GOAT. I am still a student in this game." pic.twitter.com/IvGlxekNTN
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. მანქანამ უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) უამრავი მიმომხილველის აზრით, დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.
მერაბ დვალიშვილს UFC-ში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის მე-3 საუკეთესო შედეგი (14) და ყველაზე მეტი წარმატებული გდების რეკორდი (117) ეკუთვნის. დვალიშვილმა მომდევნო ბრძოლის შესახებაც ისაუბრა და სასურველ მეტოქედ პიოტრ იანი დაასახელა - მანქანას 2025 წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს.