Belive

ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოციგურავე, ანასტასია გუბანოვა, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას:

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს.'' - წერია ფედერაციის განცხადებაში.

ანასტასია გუბანოვამ იანვარში, ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით ოქროს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები