Belive

თორნიკე შენგელია: ,,ვამაყობ ჩვენი გუნდით, სამწვრთნელო შტაბითა და ნაკრების მთელი შემადგენლობით''

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ და მთავარმა მწვრთნელმა - ილიას ზუროსმა უპასუხეს:
,,მატჩამდე დიდი გამოწვევა მივიღეთ ესპანეთის ნაკრებისგან და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან დიდი სიამოვნება იყო. რაც შეგვეხება ჩვენ, ვიცოდით, რომ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი არამხოლოდ უკრაინის ნაკრებთან მარცხის, არამედ ესპანელებთან სტუმრად 20 ქულაზე მეტი სხვაობით წაგებული შეხვედრის შემდეგაც. გვინდოდა, რომ აქ, სახლში, ჩვენს ახალ დარბაზში პირველ საშინაო მატჩში გაგვემარჯვა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მოგვეგო ეს თამაში. ვამაყობ ჩვენი გუნდით, სამწვრთნელო შტაბითა და ნაკრების მთელი შემადგენლობით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით" - აღნიშნა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ.
,,პირველყოვლისა მინდა მივულოცო ჩვენს კალათბურთელებს ეს გამარჯვება, რადგან შედეგს სწორედ ისინი დებენ, მწვრთნელები მაქსიმალურად ეხმარებიან, მაგრამ მოთამაშეები არიან ისინი, ვინც პარკეტზე ძირითად საქმეს აკეთებენ. უდიდესი ენერგია ჩავდეთ დღეს ამ ახალ, შესანიშნავ, ხალხით სავსე დარბაზში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს დარბაზში ესწრებოდა თამაშს და მათაც, ვინც სახლიდან, ტელევიზორში ადევნებდა თვალს. ძალიან ვამაყობთ ამ გამარჯვებით, რადგან, მოგეხსენებათ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ძალიან დიდი სიამოვნებაა მათთან გამარჯვება. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ასისტენტებს, რომლებმაც წარმოუდგენელი სამუშაო გასწიეს მატჩამდე, გუნდის ექიმებს, რადგან ისინი მუდამ გვიმაგრებენ ზურგს და ჩრდილში უამრავი ადამიანია, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ, ეს იყო ერთი გამარჯვება, წინ კიდევ გვაქვს თამაშები, უნდა მოვემზადოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგი რაუნდისთვის, ევრობასკეტამდე კიდევ ორი თამაში გვაქვს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებმაც დამატებითი ენერგია მოგვცეს,'' - თქვა ილიას ზუროსმა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა.

სხვა სტატიები