Belive

შერმადინის 15 ქულა და ტენერიფეს სტამბოლში ბრძოლაში განცდილი მარცხი

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

გიორგი შერმადინის ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ლენოვო ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დამარცხდა. ესპანური კლუბი თურქულ "დარუშაფაკას" ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 84:88 დათმო. ეს გახლდათ ტენერიფელთა მე-2 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა შერმადინის გუნდმა 17 ოქტომბერს, შინ ჩაატარა და ფრანგული “შოლე” 95:75 გაანადგურა. შეგახსენებთ, ეს ის "შოლეა", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან ძირითად ეტაპზე რომ ვერ მოხვედრილიყო, ფიბა ევროპის თასზე ინაცვლებდა და "თსუ"-ს ჯგუფში ჰქონდა ადგილი, თუმცა, გუნდმა მოახერხა საკვალიფიკაციოს დაძლევა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობს.

სტამბოლში თამაში დაძაბული გამოდგა. "ტენერიფე" მატჩის მსვლელობისას 18 ქულას იგებდა, თუმცა, "დარუშაფაკას" წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26:41 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. ქართველი ლეგიონერი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრის საერთო მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. 

თითო მოგებ-წაგებით "ტენერიფე" ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 8 ნოემბერს, შინ, ლატვიურ "ვეფ რიგასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები