Belive

შენგელია: ,,უნდა ვისწავლოთ, თამაში უკეთესად როგორ დავიწყოთ''

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ლიეტუვასთან წაგებული მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ და ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა შეაფასეს:

თორნიკე შენგელია: ,,რა თქმა უნდა, მოსამზადებელი თამაში იყო... დასანანია, რომ წავაგეთ. ამ თამაშებს უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ, ბევრი დადებითის დანახვა შეიძლება. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიწყოთ უკეთესად თამაში, მეტოქეს დიდი სხვაობით გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. მაგრამ, ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ის, რომ რეაგირება მოვახდინეთ მატჩის მეორე ნახევარში, უფრო გუნდურად ვითამაშეთ, უფრო აქტიურები ვიყავით დაცვაშიც და თავდასხმაშიც, რამაც შედეგი გამოიღო.''

 

სანდრო მამუკელაშვილი: ,,ვფიქრობ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინეთ. შეიძლება წავაგეთ, მაგრამ მეტოქეს 15-20 ქულით ჩამოვრჩებოდით და თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. ვამაყობ ბიჭებით, რადგან ძალიან ბევრი გუნდი დანებდებოდა, ჩვენ კი ყველა ერთად შევიკარით, წუთშესვენებებზე კარგად ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოგვევლინა. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო კარგად ვითამაშებთ და ერთმანეთს უკეთ შევეწყობით.''

საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:102 დამარცხდა.

ბოლო მეოთხედში 18-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით მეტოქემ გამარჯვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები მომავალ ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 5 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები