საქართველო ორჯერ დამარცხდა | ვითამაშებთ მსოფლიოზე?
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა ორი მარცხით დაიწყო. 27 ნოემბერს, ჩვენმა ნაკრებმა თბილისში უკრაინას უმასპინძლა და ანგარიშით 79:92 დამარცხდა. 30 ნოემბერს, ესპანეთთან გასვლაზე უფრო დიდი ანგარიშით 90:61 წავაგეთ და ამ შედეგით, ჯგუფში მე-4 ადგილს ვიკავებთ.
ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფშია წარმოდგენილი. ესპანეთისა და უკრაინის გარდა, ქართველ კალათბურთელებს პაექრობა ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერთან დანიასთანაც მოუწევს.
ამ ორი მატჩის დასრულების შემდეგ, ქომაგთა ნაწილს დარჩა კითხვა: შეძლებს ჩვენი ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას? საერთოდ, როგორია შესარჩევის ფორმატი? ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ იხილავთ.
დავიწყოთ თავიდან: პირველად ისტორიაში, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არაბული სამყაროს წარმომადგენელ ქვეყანაში - კატარში ტარდება. ტურნირზე მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, ევროპისთვის კი 12 ადგილია გამოყოფილი.
ევროპის ზონაში, საკვალიფიკაციო ეტაპი ორ რაუნდად არის დაყოფილი და ორივე მათგანი ჯგუფური სისტემით ჩატარდება
უკრაინასთან და ესპანეთთან გამართული შეხვედრები პირველი რაუნდის ეგიდით გაიმართა. პირველ რაუნდში, 24 ევროპული ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველო 3 საშინაო და 3 გასვლით მატჩს გამართავს და იმ შემთხვევაში, თუკი ჯგუფში 1-3 ადგილს დაიკავებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გადაინაცვლებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები საქართველოს მეორეშიც გადაჰყვება. შესაბამისად, A ჯგუფში ჩატარებულ თითოეულ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკისრება.
მეორე ეტაპის სტრუქტურა ასეთია: ჩამოყალიბდება 4 ცალი, 6-გუნდიანი ჯგუფი, სადაც პირველი ეტაპის გამარჯვებულები მხოლოდ სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. მაგალითისთვის, თუკი A ჯგუფიდან ესპანეთი, საქართველო და უკრაინა გავლენ, ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან და B ჯგუფიდან გადასულ ნაკრებებთან იასპარეზებენ. თუმცა მოპოვებული ქულების თვალსაზრისით, ისინი საერთო კონკურენციაში იქნებიან ჩართულები.
მოკლე შეჯამება გავაკეთოთ: იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიო საკალათბურთო პირველობაზე მოხვდეს, საჭიროა, რომ ჯერ A ჯგუფში საუკეთესო სამ ნაკრებს შორის მოხვდეს, შემდეგ კი მეორე რაუნდში, 6 გუნდს შორის, 1-3 ადგილი დაიკავოს. ამ გზით, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ვის შევხვდებით მეორე რაუნდში?
ამ კითხვაზე პასუხიც უნდა ვიცოდეთ. ფორმატის თანახმად, A და B ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები ერთ საერთო ჯგუფს ჩამოაყალიბებს. B ჯგუფში პორტუგალია, მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი ასპარეზობენ. 2 მატჩის შემდეგ, B ჯგუფში შემდეგი ვითარებაა:
ნაკრები | ბურთები | ქულა |
|---|---|---|
საბერძნეთი | 167:132 | 4 |
პორტუგალია | 151:138 | 3 |
მაკედონია | 142:158 | 3 |
რუმინეთი | 139:171 | 2 |
მომდევნო 2 მატჩს საქართველო დანიის წინააღმდეგ გამართავს. 27 თებერვალს, დანიელებს სახლში ვუმასპინძლებთ, გასვლითი მატჩი კი 3 მარტს გველოდება - ეს ორი მატჩი საქართველოს ჯგუფიდან გასვლის ბედს გადაწყვეტს. საქართველო A ჯგუფში ასპარეზობას ივლისში დაასრულებს და დანიელებთან 2 მატჩის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მეორე რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის გამსვლელთან ვინაობას B ჯგუფის წარმომადგენლებთან გაარკვევს.