"საკმაოდ კარგი თამაში იყო და თავი ყველაფერს კარგად გავართვი" - სანდრო მამუკელაშვილი
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელების დაპირისპირება შედგა, სადაც ტორონტო რეპტორსმა ორლანდო მეჯიქი ძალიან დიდი სხვაობით 139:87 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტორონტომ მატჩში 31:0 გაქცევა შეასრულა, რაც 21-ე საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია, NBA-ში 1997/98 წლების სეზონის შემდეგ 31-ქულიანი გაქცევა, ქულის მიღების გარეშე არცერთ გუნდს შეუსრულებია.
სანდრო მამუკელაშვილმა საოცარი კოეფიციენტი დააფიქსირა, რომელიც +47-ს უტოლდებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა, მამუმ 21:19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა (4-დან 2 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
გოგა ბითაძემ კი 10:11 წუთი ითამაშა და 6 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო) და 4 მოხსნა დააგროვა.
მატჩის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან ისაუბრა:
ძალიან ცუდია, როდესაც ისეთი მოთამაშეები გვაკლდა როგორებიც არიან კოლინ მარი-ბოილსი და ბრენდონ ინგრამი, ისინი თავდაცვით ხაზს წარმოადგენენ. ბრენდონ ინგრამი ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა და მგონია, რომ ეს გზავნილი იყო იმის, რომ ყველამ უკეთ უნდა ითამაშოს. ყოველთვის არის გუნდში აღმავლობის და დაღმასვლის პერიოდი, ჩვენ კი ამისთვის უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ.
არის მომენტები როდესაც ბრენდონ ინგრამი გუნდს ლიდერობს, მაგრამ დღეს ის არ იყო და ჩვენი თამაში ვითამაშეთ და ვფიქრობ იდეალურად გამოგვივიდა. ჩვენ გამოვედით პარკეტზე და კარგად, სწრაფად ვითამაშეთ, ბურთის გათამაშება კარგად გამოგვდიოდა და ამის გამო ყველაფერი შედგა.
დღეს, საკმაოდ კარგი თამაში იყო და თავი ყველაფერს კარგად გავართვი, ვფიქრობ დღევანდელი მატჩით ყველამ ისიამოვნა ჩვენც ფიზიკურად მზად ვიყავით, ვეცადეთ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, რასაც ჩვეულებრივ ვარჯიშებზე ვაკეთებთ ხოლმე.
ვფიქრობ ყოველთვის მზად ვარ კარგად ვითამაშო, დავიწყებ თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან თუ იქნება ეს სათადარიგოდან. როდესაც მატჩში სათადარიგოდან ერთვები შეგიძლია იფიქრო იმაზე თუ როგორ მიდის თამაში და სად შეგიძლია აღმოფხვრა ხარვეზი და იმის თამაში შეაფასო ვისაც შენ წინააღმდეგ უწევს თამაში და მოკლედ ასეთ რაღაცებზე უნდა გაამახვილო ყურადღება. მატჩის მიმდინარეობისას ვიცოდი, რომ სკოტის შევცვლიდი, ამიტომ გაანალიზებული მქონდა, რომ მათი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ დაცვის თამაში მომიწევდა. ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა პირველ მეოთხედს ითამაშებ, მეორეს თუ მესამეს, უბრალოდ ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ მოედანზე გახვიდე.
ყოველთვის როდესაც სკოტი მოედანზეა ვიცი, რომ ის თანაგუნდელებს ყოველთვის მოძებნის და კომფორტულ ზონას შეგიქმნის, მასთან თამაში მარტივია, მას მაღალი IQ აქვს, სწრაფად აზროვნებს. ის ზედმეტს არაფერს აკეთებს, მან ზუსტად იცის როდის უნდა გაგიკეთოს გადაცემა, არის მომენტები როდესაც მას ცოტათი მეტი დრო სჭირდება და მე ყოველთვის ველოდები მისგან პასს, რადგან ვიცი, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ადვილია თამაში ბიჭთან, რომელიც უანგაროა, იცის თამაში და ძალიან კარგად კითხულობს მატჩის მიმდინარეობას. ის ასევე ძალიან მაღალია და ჩვენთვის საოცარი საქმეს აკეთებს და ვფიქრობ ასე ვუკავშირდებით ერთმანეთს, როდესაც მე მივრბივარ და უკან ვიყურები იმედი მაქვს, რომ ის შედეგიან რაღაცას გააკეთებს.
ვაქცევ თუ არა ცხრილს ყურადღებას? მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არა. ვფიქრობ, როდესაც თითოეული ჩვენგანი სახლში მიდის, სატურნირო ცხრილს ყველა ამოწმებს, რადგან მთელი წლის განმავლობაში იმისთვის ვიბრძვით, რომ კარგ პოზიციაში ვიყოთ. შესაძლოა წავაგოთ, მაგრამ რაღაც მომენტების შემდეგ ვხვდებით, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება, ასე, რომ შეცდომების დაშვება მინიმალურ დონეზე უნდა დავიყვანოთ და ვფიქრობ ეს ყველამ კარგად იცის. ყველა სხვა თამაშს ვადევნებ თვალს, მაგალითად: მაიამის, ორლანდოს და ატლანტას თამაშებს, მე ვაკვირდები ყველა სხვა გუნდს, რომელიც ჩვენზე მაღლაა ან სატურნირო ცხრილში ჩვენთან ახლოს. ვცდილობ, რომ დავაკვირდე იმ გუნდს თუ რას როგორ აკეთებს და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რაც შეიძლება მაღლა დავრჩეთ.
სახალისოა თუ არა ასეთ დაძაბულ რბოლაში მონაწილეობა? არ ვიცი, არამგონია. მინდა, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ეს გამოცდაა და ეს ყველაფერი პლეი-ოფისთვის გამზადებს. როგორც იცით პლეი-ოფში ერთ გუნდს ეთამაშები, მაგრამ შეცდომის უფლება არ გაქვს, რადგან თითოეული ბურთის კონტროლი მნიშვნელოვანია, ფიზიკურად თამაში გიწევს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ეს არის ყველაფერი ის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ სასურველ პოზიციას დავიკავებთ. ასე რომ ვფიქრობ სახალისო ნამდვილად არ არის, მაგრამ მთელი ეს გზა უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ შემდგომი ბრძოლისთვის მოვემზადოთ, რადგან წინ დიდი გამოცდა გველის.
მატჩის შემდეგ როდესაც საკუთარ მონაგარს უყურებ, დაახლოებით იცი როგორ იმუშავე, თავისი პლიუსებით თუ მინუსებით, როდესაც ვთამაშობდი როგორ დავეხმარე გუნდს. მთავარი რაშიც მინდა გავუმჯობესდე არის მოხსნებზე თამაში და არის რაღაცები რასაც მატჩის მიმდინარეობისას ვაკვირდები. შეცდომის დაშვების მომენტებსაც ვაკვირდები და ვცდილობ მაქსიმალურად მალე გავაანალიზო ეს ყველაფერი და შემდეგ ჯერზე იგივე შეცდომა არ დავუშვა, ხანდახან ესეც ხდება, მაგრამ ყოველთვის საუკეთესოს გაკეთებას ვცდილობ.
წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩემი კოეფიციენტი +47 იყო, ეს საოცარი შეგრძნებაა, მაგრამ იქნება ეს ცუდი თუ კარგი თამაში, ამბობ "ეს კარგი თამაში ან ცუდი თამაში იყო", ივიწყებ ამ ყველაფერს და შემდეგზე გადადიხარ, რა თქმა უნდა აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს შესანიშნავი გრძნობაა და მომდევნო თამაშს დაველოდები.
მქონდა თუ არა აქამდე +47 კოეფიციენტი? არა ნამდვილად არ მგონია რომ მქონდა, მაგრამ იმედია მალე +49 მექნება, ეს მაგარია და ამასთან ერთად ეს იმასაც მოწმობს თუ რამდენად კარგად ვითამაშეთ, მაგალითად როგორ მოძრაობდა ბურთი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელს, დღეს გუნდურობა იგრძნობოდა და შესანიშნავი იყო.
რამდენად განსაკუთრებულია გოგას წინააღმდეგ NBA-ში თამაში? საოცარი შეგრძნებაა, მე და გოგა ერთად 6-7 წლის ასაკიდან ვთამაშობთ, ის მაღალი იყო და ერთადერთი იყო, ვისაც ჩემი სროლების დაბლოკვა შეეძლო და ეს ყოველთვის მძულდა, რადგან ვფიქრობდი, ვინ არის ეს მაღალი ბიჭი? მეც ყველაზე მაღალი ვიყავი, ახლა ის გამოჩნდა, რომელიც ყველაზე მაღალია და ის ყოველთვის ფიზიკურად ნიჭიერი და ძლიერი ბიჭი იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელთანაც ხშირად მიწევდა თამაში და ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ გოგას წინააღმდეგ ვთამაშობდით. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ეს მაგარია და გოგათი ძალიან ბედნიერი ვარ, ის საოცრად თამაშობს, შემოდის, თავის საქმეს აკეთებს და მისი წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ, იმედია, ის კიდევ უფრო უკეთესი გახდება და ასე გააგრძელებს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის თამაშობს და ვფიქრობ ის ქვეყანას უმაღლეს დონეზე წარმოადგენს, ის საოცარია. - სანდრო მამუკელაშვილი
ტორონტო რეპტორსი 42 მოგებით და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი პირველ აპრილს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართავს.