ქორქია, შენგელია და სხვ. | საუკეთესო ქართველი მექულეები ევრობასკეტზე
2025 წლის ევრობასკეტი უკვე კარს მოგვადგა. ტურნირი, რომელზეც საქართველო ზედიზედ მეექვსედ იასპარეებს, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი მასპინძლები კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია იქნებიან.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იტალია და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან. C ჯგუფის შეხვედრები სწორედ კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართება.
ტურნირის დაწყებამდე, თვალი გადავავლოთ იმ ქართველი კალათბურთელების სიას, რომლებსაც, ევრობასკეტის ისტორიაში, ყველაზე მეტი ქულა აქვთ მოპოვებული.
მოთამაშე | თამაში | ქულა |
|---|---|---|
ოთარ ქორქია | 36 | 357 |
თორნიკე შენგელია | 19 | 257 |
მანუჩარ მარკოიშვილი | 23 | 246 |
გიორგი შერმადინი | 29 | 227 |
ვიქტორ სანიკიძე | 19 | 220 |
ზაზა ფაჩულია | 16 | 216 |
ზურაბ საკანდელიძე | 36 | 201 |
გიორგი ცინცაძე | 27 | 170 |
დუდა სანაძე | 19 | 149 |
მიხეილ ქორქია | 20 | 129 |
როგორც ვხედავთ, პირველ ადგილს ოთარ ქორქია იკავებს, მეორე პოზიციაზე კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაა. შენგელიას 3 ევრობასკეტზე აქვს მონაწილეობა მიღებული, მისი საშუალო ქულების რაოდენობა კი 1 ტურნირზე 85.66-ს შეადგენს.
ოთარ ქორქია
ლეგენდარული ოთარ ქორქია 1923 წლის 10 მაისს, ქუთაისში დაიბადა. თამაშობდა ქუთაისის "დინამოში" (1943-1946), თბილისის "დინამოში" (1947-1958), იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947-55) და მისი კაპიტანი (1953-1955).
ის ერთადერთი ქართველია, რომელიც 1991 წელს, FIBA-მ ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელს შორის დაასახელა. როგორც მოთამაშემ, ევრობასკეტი 3-ჯერ მოიგო (1947, 1951, 1953), მწვრთნელის რანგში კი - "დინამო თბილისს" ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოაპოვებინა (1962).