NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,კლივლენდ კავალიერსს'' უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:119 დამარცხდა.
ზედიზედ მეხუთე მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ლიდერების არყოფნაში შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 42 წუთში (პირადი რეკორდი) 17 ქულა (პირადი რეკორდი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბაქსს” 28 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით ჯორდან ნოვრამ ულიდერა.
,,კლივლენდის'' შემადგენლობაში ჩედი ოსმანი გამოირჩა – ფორვარდმა 23 ქულას, 5 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. 15 ქულა, 10 ასისტი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო რიკი რუბიოს ანგარიშზე.
,,მილუოკი” 19 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 23 დეკემბერს, ,,ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.