Belive

გუნდის პროფილი | საქართველო მზადაა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა

8 თვის წინ კალათბურთი
4 წთ

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე, მსოფლიო პირველობაზე მონაწილე ქვეყნების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია - ამჯერად, საქართველოს ჯერი დადგა და სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა.

FIBA-ს სტატიას უცვლელად გთავაზობთ

საქართველო შეეცდება დაამტკიცოს, რომ დიდი სცენის ღირსეული მონაწილეა, როდესაც სადებიუტო კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შემადგენლობა

ნაკრებ გუნდს ის ორი კალათბურთელი ულიდერებს, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ საუკეთესოდ მათ შორის ვისაც კი ოდესმე "ჯვაროსნების" მაისური მოურგია. ეს ორი მოთამაშე თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი გახლავთ.

ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამ ორმა ვარსკვლავმა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. შენგელია საშუალოდ 19.5 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა - შერმადინი 16.3 ქულას აგროვებდა და სწორედ მათმა შედეგიანობამ ითამაშა მთავარი როლი.

ორ გამოცდილ მოთამაშეს ახალგაზრდა ვარსკვლავების, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ტანდემი შეუერთდება. მათთან ერთად კი ვეტერანები - დუდა სანაძე და თად მაკფადენი გაირჯებიან. ასევე, აღსანიშნავია 22 წლის რატი ანდრონიკაშვილი.

მთავარი კითხვა

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე, ამ დონის ტურნირზე ასპარეზობა?

2019 წელს დებიუტანტებმა მონტენეგრომ და ჩეხეთმა 25-ე და მე-6 ადგილი დაიკავეს. 1/4-ფინალურ ეტაპზე, ჩეხეთი ავსტრალიასთან დამარცხდა. შეძლებს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველო ამ უკანასკნელის შედეგის გამეორებას?

 

საქართველოს მაღალი დონე და ხარისხი ეჭვგარეშეა - ნაკრები ევროპასა და NBA-ში მოთამაშე კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, გამოცდილებისა და სიღრმის ნაკლებობამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რადგან საქართველო ამ დონის ტურნირზე პირველად ითამაშებს. საინტერესოა, როგორ უპასუხებს საქართველო ამ გამოწვევას?

ლატვია, სამხრეთ სუდანი და კაბო ვერდე, ასევე, პირველად იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასე რომ საქართველო ერთადერთი არაა.

იმედი

ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებში სათამაშო წუთების უმეტესობას ისეთი მოთამაშეები მიიღებენ, როგორიცაა: თორნიკე შენგელია - ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი და გიორგი შერმადინი - ესპანეთის ლიგა ენდესას უპირობო MVP. ყველა სხვა მოთამაშე, მათ შორის: ბითაძე, მამუკელაშვილი, მაკფადენი და სანაძე მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ და ლიდერებს დიდი დახმარება გაუწიონ. 

ევრობასკეტ 2022-ზე გუნდს მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელიც საშუალოდ 15.2 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა. ბითაძეს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა (13.8) და საშუალოდ 10 ქულასა და 6.8 მოხსნას აგროვებდა. ასევე, გასათვალისწინებელია ვეტერანი მაკფადენი, რომელმაც საკფალიფიკაციო ეტაპის თორმეტივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 18.8 ქულას, 3.6 მოხსნას, 4.3 ასისტსა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. 

შიში

საქართველოს მთავარი საფრთხე სიღრმის არ არსებობაა. გასულ ევრობასკეტზე, როდესაც შენგელიამ ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ ეხმარებოდა, ლიდერებს დიდი გარჯა მოუხდათ და პარკეტზე დიდი დატვირთვა მიიღეს (მაკფადენი და მამუკელაშვილი პარკეტზე საშუალოდ 35 წუთს ატარებდნენ). ეს ტოვებს გარკვეულ ეჭვს, განსაკუთრებით ისეთ ტურნირზე, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო პირველობა ხომ უდიდეს ძალისხმევასა და გამძლეობას მოითხოვს, როგორც მენტალურად - ასევე ფიზიკურად.

რა თქმა უნდა, ჯგუფური ეტაპის პირველი ორი შეხვედრა, რომელშიც საქართველო კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება, ნიშნავს, რომ "ჯვაროსნებს" მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანი სტარტის ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვთ. თუ საქართველოს წარმატებული კამპანია სურს, სათადარიგოთა სკამზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

სხვა სტატიები