"ვარჯიშობს და მწვრთნელის ნდობას ამოწმებს" - პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილის მომავალზე საუბრობს
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური მედია საშუალება abola საქართველოს ნაკრების 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპის და ლისაბონის სპორტინგიდან ტრანსფერის შესახებ სტატია აქვეყნებს.
"გიორგი ქოჩორაშვილმა გასულ კვირას ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში ვარჯიში დაიწყო. მას გუნდში მოგვიანებით გამოცხადების უფლება ჰქონდა, რადგან ივნისში საქართველოს ნაკრების რიგებში რუმინეთისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მონაწილეობდა. ნახევარმცველმა იცის, რომ ის 2026/27 წლების სეზონში რუი ბორჟესის მთავარ გეგმებში არ შედის, თუმცა მუშაობის ამ საწყის კვირებს მწვრთნელის "პულსის გასასინჯად" გამოიყენებს, რათა გაიგოს თავისი შანსები.
ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სატრანსფერო ბაზართან. ფეხბურთელით ესპანეთში ინტერესდებიან, თუმცა ამ დრომდე არცერთ კლუბს არ გამოუხატავს მზადყოფნა, დააკმაყოფილოს "ლომების" მოთხოვნები, რაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების დაუყოვნებლივ და საბოლოოდ გამოსყიდვას გულისხმობს. ამ სცენარის გათვალისწინებით და იმის ფონზე, რომ კლუბმა ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი დაიმატა (სილას ანდერსენი, ისა დუმბია, სერხი ალტიმირა და პედრო ლიმა), რასაც ემატება ახალგაზრდა ედუარდო ფელისიმოს დაწინაურებაც, ქოჩორაშვილს სურს გააცნობიეროს თავისი ადგილი იერარქიაში. საქართველოს ნაკრების წევრს აინტერესებს, უღირს თუ არა ადგილისთვის თავგამოდებით ბრძოლა, თუ ის რეალურად გუნდის მიღმაა დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ მოედნის ამ მონაკვეთზე სპორტინგს ასევე ჰყავს ჟოაო სიმოეში, რომელიც ამჟამად აპრილში მიღებული მარჯვენა ფეხის ძვლის მოტეხილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.
თუკი გუნდიდან ჩამოშორების სცენარი დადასტურდება, 27 წლის ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები მზად არიან სპორტინგის ადმინისტრაციასთან სასაუბროდ დასასხდომად. მათი მიზანი იქნება ხელმძღვანელობის დაყოლიება იჯარაზე, შესაძლოა 2027 წელს გამოსყიდვის ვალდებულების პირობით. მაგალითად, ვიგოს სელტა ქოჩორაშვილის თვალსაწიერში იყო, თუმცა კონკრეტული წინადადება არასდროს წარუდგენია, ისევე როგორც ლევანტეს. ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბს 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ ვალენსიურ კლუბს გადაუხადეს, ხოლო მისი კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდეა ძალაში", - abola.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო, რა დროშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.