კონკურენტი მიქაუტაძეს | ვილიარეალი ლა ლიგის ექს-ბომბარდირს უმიზნებს
ვილიარეალი რომას ცენტრალური ფორვარდის, არტემ დოვბიკის გაფორმებით არის დაინტერესებული. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა რომაელებს უკრაინელის შესაძლო ტრანსფერზე პირველი მოთხოვნით უკვე მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. მიუხედავად ამისა, ვილიარეალის ინტერესი კონკრეტულია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ნაკრების თავდამსხმელით ჯენოაც იყო დაინტერესებული.
გამოცემის ცნობით, თავად დოვბიკი პოზიტიურად უყურებს ლა ლიგაში შესაძლო დაბრუნებას. ჟირონას შემადგენლობაში გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, სადაც ფეხბურთელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, უკრაინელი ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
რომას შემადგენლობაში გატარებულ გასულ სეზონში უკრაინელმა 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.