70 ათასი სამართალდამცავი | საფრანგეთში ესპანეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის დღეს საფრანგეთის ხელისუფლება 70 ათასზე მეტ პოლიციელსა და ჟანდარმერს ჩართავს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების მკაცრი ზომები მთელი 14 ივლისის განმავლობაში იმოქმედებს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, როდესაც ქვეყანა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავს.
მხოლოდ პარიზში 5 000-მდე სამართალდამცავი მორიგეობს. ისინი წესრიგს დაიცავენ როგორც ელისეის მინდვრებზე ტრადიციული სამხედრო აღლუმის დროს, ისე საღამოს, როდესაც საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
ნუნიესმა ასევე შეაჯამა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამართული მეოთხედფინალური მატჩის შემდგომი ღამე. მისი თქმით, სიტუაცია ზოგადად კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა სამართალდამცავებმა 89 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნახევარფინალური მატჩის დროს საზოგადოებრივი წესრიგის შესაძლო დამრღვევთა მიმართ არანაირი შეღავათი არ იქნება.
საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩი 14 ივლისს უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.