ზიდანის შვილი ალჟირის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
გრანადას მეკარე, ლუკა ზიდანი ალჟირის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ზიდანის შვილის დებიუტი აფრიკულ ნაკრებში, შესაძლოა, ,,სპორტული მოქალაქეობის'' შეცვლიდან სულ რაღაც 2 კვირაში შედგეს.
ლუკას საფრანგეთის 16, 17, 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები. ფიფამ მისი მოთხოვნა ,,სპორტული მოქალაქეობის'' შეცვლის შესახებ 19 სექტემბერს დააკმაყოფილა.
ალჟირის ნაკრებს ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის - ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი 9-ში სომალის ესტუმრება, 14-ში კი უგანდას უმასპინძლებს. ალჟირელები საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მუნდიალის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოს არიან.
მიმდინარე სეზონში ლუკა ზიდანმა გრანადას მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 1 მატჩში შეინახა.
ზიდანების ოჯახი წარმოშობით ალჟირიდანაა. ზინედინ ზიდანის მშობლები კაბილიის რეგიონიდან საფრანგეთში საცხოვრებლად 1953 წელს, ალჟირის ომის დაწყებამდე გადავიდნენ.
Zinedine Zidane's son Luca has been called up by Algeria for the first time, with the team close to qualifying for the 2026 World Cup in North America 🧤🇩🇿 pic.twitter.com/JGOttw6CsC
— Sky Sports Football (@SkyFootball) October 2, 2025