ჟოზე მოურინიო: "ბოლომდე ბრძოლა მიყვარს ყველგან, ცხოვრებაშიც და საქმეშიც"
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალმა მარცხის გამო 8 საუკეთესო გუნდში პოზიცია დაკარგა და პლეი-ინში მოხვდა, შესაბამისად ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გააგრძელებენ და პირველ 8 გუნდთან შედარებით, ორით მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.
თავის მხრივ საოცარი გამარჯვება მოიპოვა ბენფიკამ და მადრიდის რეალთან მეოთხე გატანილი გოლით, მათ პლეი-ინის საგზური გაინაღდეს - გოლით, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევა.
ჟოზე მოურინიომ კი კარიერაში მორიგი ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამარჯვება ჩაიწერა - პორტუგალიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვება შეაფასა.
"ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, რომ თუ ვერ გავაგრძელებთ პლეი-ოფში ასპარეზობას, მაინც უნდა მოგვეგო. თუ ვერ გავაგრძელებდით, ვერ გავაგრძელებდით, მაგრამ უნდა მოგვეგო - ასეთი დამოკიდებულება გვქონდა. მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ისე ვერ მოვიგებდით, როგორც გვჭირდებოდა, თუმცა მთავარი გამარჯვება იყო.
ეს ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია - ბოლომდე ბრძოლა მიყვარს ყველგან, ცხოვრებაშიც და საქმეშიც, რასაც შედეგიც კარგი მოჰყვა.
წარმოდგენა არ მქონდა, საკმარისი იყო თუ არა 3-2. არანაირი ნიშანი არ მქონდა ამისა - ივანოვიჩი და ანტონიო სილვა შემოვიდნენ მოედანზე და გამარჯვება გავინაღდეთ, თუმცა როდესაც მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ იყო, ნიკო ოტამენდი წინ გავუშვი, რადგან მეტი ცვლილება აღარ შემეძლო. როდესაც საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, წინ გავუშვი ტრუბინი, რადგან ვიცოდით, რომ მას შეეძლო ამის გაკეთება.
რამდენიმე კვირის წინ პორტუსთან ვაგებდით და ბოლო წუთზე ის წინ წავიდა და თითქმის გაიტანა. ასე რომ, ვიცით, რომ მაღალ მოთამაშეს ამის გაკეთება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია გადაცემის ხარისხი. ბურთი უნდა გადაიტანო, მაგრამ ეს საოცარი გოლია ამ ბიჭისთვის და ვულოცავ ტრუბინს.
ეს გამარჯვება ისტორიული და მნიშვნელოვანია - კიდევ უფრო პრესტიჟის თვალსაზრისით..." - ჟოზე მოურინიო
ბენფიკამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 ქულით 24-ე პოზიცია დაიკავა და პლეი-ინში თამაში გაინაღდა.
16 გუნდი ე.წ პლეი-ინში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 8 მერვედფინალისტი სწორედ მათ შორის გაირკვევა. პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.