Belive

"ვწუხვარ, მაგრამ ვერ შევძელით, მაგრამ ეს არაფერს აკლებს ამ გიჟურ სეზონს" - მარკინიოსი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩელსისთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პარიზული გუნდის კაპიტანმა, მარკინიოსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, ბრაზილიელმა განვლილი სეზონი შეაფასა და გუნდში გამოსასწორებელ აუცილებელ კომპონენტებზე ისაუბრა.

ჩელსიმ კარგად გამოიყენა ჩვენი სუსტი წერტილები. ტაქტიკურად, პირველ ტაიმში მათ ყველაფერი ძალიან გაგვირთულეს, რეაგირებისთვის დრო დაგვჭირდა, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც მომავალში უფრო დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა გუნდი შეგვისწავლის და შეეცდებიან გაიგონ რას ვაკეთებთ ცუდად და რას კარგად.

ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. ჩელსიმ ფიზიკური ბრძოლა მოიგო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მათ ბევრი დუელი მოიგეს, ჩვენ კი ჩვენს საუკეთესო ფორმაზე ოდნავ დაბლა ვიყავით, ამიტომ რაღაცების გამოსწორება ძალიან რთული იყო. ისინი ძალიან ეფექტურები იყვნენ და ამან მატჩში ყველაფერი შეცვალა. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვნახეთ, ასევე ბაიერნისა და რეალის წინააღმდეგ, როდესაც ეფექტური ხარ, ყველაფერი იცვლება. ჩვენ გვქონდა შანსები, მაგრამ პირველ ტაიმში ეფექტურები არ ვიყავით და ეს შედეგზეც აისახა.

გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენთან არიან, როგორც კარგ ასევე ცუდ დროს. გვინდოდა ამ თასის პარიზში წაღება. ეს არის ტურნირი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს იყო ოქროს შესაძლებლობა, რადგან არ ვიცით შემდეგ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ თუ არა. ვწუხვარ, მაგრამ ვერ შევძელით, მაგრამ ეს არაფერს აკლებს ამ გიჟურ სეზონს, წარმოუდგენელი ემოციები განვიცადეთ. ჩვენი ძლიერი მხარეებითა და ფილოსოფიით წავაგეთ, არ დავმალულვართ, ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა. ჩელსიმ ნამდვილად დაიმსახურა გამარჯვება. - მარკინიოსი - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი

სხვა სტატიები