Belive

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძემ ერთა ლიგა მარტომ მოგვაგებინა, ის ყველას გაგვახარებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში "დინამო ბათუმთან" დაპირისპირების წინ, ბრატისლავის "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
"მე ისევ აქ ვარ და მჯერა, რომ წინ ბევრი კარგი რამ გველის. ჩვენ გარკვეული თემების შესახებ ვისაუბრეთ და ურთიერთობები დავაზუსტეთ. ივანს (კლუბის სპორტული დირექტორს) დაბადებიდან ვიცნობ, ვიცი როგორი ადამიანია, მან იცის როგორი ადამიანი და მწვრთნელი ვარ. ჩვენ ჩვენი ეგო წარსულში დავტოვეთ და კლუბის საკეთილდღეოდ შევხედეთ მომავალს. ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი იდეალური არ არის, როგორც წარმოგიდგენია, მაგრამ გონივრული საუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ გაგრძელება. "მომზადება ძალიან ხანმოკლე იყო, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს გვეკითხება. ჩამოვიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვინდოდა - მათ კარგად ვიცნობ. იქნება ეს იურაი კუჩკა, გიორგი ჩაკვეტაძე თუ ერიკ რამირესი. სიმენ ვოეტს ზამთარშიც ვაკვირდებოდით. ის არის პერსპექტიული, მემარცხენე ფეხბურთელი, რაც კარგია შეტევის ფაზაში იერიშის მოწყობისას. ის მახსენებს ახალგაზრდა იან ჩურიკას "პეტრჟალკაში". პლუს/მინუს 22 მოთამაშე დარჩება განაცხადში. კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით. დრო ცოტა იყო, ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებდა. სეზონის შემდეგ კოვიდიც დამემართა, სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა, რისგანაც, მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდი. მჯერა, რომ სეზონისთვის კარგად ვართ მომზადებული. ზოგიერთ მოთამაშეს ჯერ კიდევ სჭირდება მუშაობა. გიორგი ჩაკვეტაძე 18-19 წლის რომ იყო, ერთა ლიგაზე - ოთხი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით, ჩვენი ჯგუფი მარტომ "მოიგო". მაშინ მივეცი შანსი. სამწუხაროდ, მუხლის ჯვარედინმა იოგმა 2.5 წლით შეაჩერა. ახლა ფიზიკურად არის მომზადებული. წარსულში მას "ჩელსი", "ბარსელონა" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ. მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის ჯანმრთელია, ყველას გაგვახარებს. როცა კარგად ვითამაშებთ, მაყურებელი დაბრუნდება. პირველი შანსი გვაქვს ოთხშაბათს. თუ კარგად არ ვითამაშეთ, ხალხი არ მოვა. მჯერა, რომ ჩვენი გამოცდილების და მოთამაშეების ხარისხის წყალობით, მაყურებელი დაბრუნდება", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩი 6 ივლისს სლოვაკეთის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები