Belive

ვერცერთი მოგება ბოლო 4 ტურში - აიაქსმა საჩემპიონო შანსი თითქმის ბოლომდე გაანიავა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,აიაქსის” საშინელი სერია გრძელდება - ერედივიზიონის ბოლოსწინა, 33-ე ტურში, ამსტერდამულმა კლუბმა ,,გრონინგენთან” 99-ე წუთზე გაშვებული გოლით ფრედ, 2:2 ითამაშა. შედეგად, ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა, რომელსაც ჩემპიონობის იდეალური შანსი ჰქონდა, უკვე ზედიზედ მე-4 შეხვედრაში დაკარგა ქულები (2 ფრე, 2 წაგება).

თავის მხრივ, მოიგო ,,აიაქსის” უშუალო კონკურენტმა, ,,პსვ ეინდჰოვენმა” და მეტოქეს ცხრილში 1 ქულით გადაუსწრო.

არადა, სულ რაღაც 4 ტურის წინ, ამსტერდამელები მეორეადგილოსანს 9 ქულით უსწრებდნენ.

კრიზისის მიუხედავად, ,,აიაქსის” მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო ფარიოლი იმედს არ კარგავს:

ბოლო წუთზე გამათანაბრებელი გოლის გაშვების შემდეგ, საუბარი მარტივი არასდროსაა. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა! კიდევ ერთი მატჩი გვაქვს სათამაშო.

ბოლო ტურში, რომელიც კვირას გაიმართება, ,,აიაქსი” ტვენტეს უმასპინძლებს, ,,პსვ” კი როტერდამის ,,სპარტას” ესტუმრება.

სხვა სტატიები