უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "რთული მატჩი იყო, მეტოქემ სივრცეები შეგვიზღუდა"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, სამ დღეში, საქართველომ უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, რამაც 3-5-2 სქემაში თამაშის მართვა, მაღალი ტემპი, სითამამე და ხშირ შემთხვევაში, მოედნის ცენტრის კონტროლი უზრუნველყო.
პირველ ტაიმში გუნდი მარცხენა ფლანგის აქტიურობით, შორიდან დარტყმებითა და მაღალი პრესინგით გამოირჩეოდა. მეორე ტაიმში თითქოს დასტაბილურდა, თუმცა მესამოცე წუთისთვის გვქონდა მომენტუმი - ერთგვარი აფეთქება და რამდენიმე სახიფათო მომენტი, რომელიც რეალურ საგოლე შანსად ვერ იქცა.
მატჩის მიწურულს, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის მოედნიდან გასვლა ჩვენს თამაშზე მნიშვნელოვნად აისახა. ცენტრზე კონტროლი დაიკარგა, შეტევებს ხიფათი და სიხისტე დააკლდა და გუნდმა სიღრმეში დაიხია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ გააკეთა.
"მატჩს დადებითად შევაფასებ. მეორე ტაიმში დაღლილი ფეხბურთელები შევცვალე და მიმაჩნია, რომ მათ ჩემი მითითებები კარგად შეასრულეს. ტრუბინმა თავი შესანიშნავად გამოიჩინა, თუმცა მხოლოდ მისი გამოყოფა არასწორი იქნებოდა.
შეუძლებელია, ყველა მატჩი სანახაობრივი გამოდგეს. ბევრი მომენტი არ გვქონია, რადგან მეტოქემ სივრცეები შეგვიზღუდა და საჯარიმოსთან სიახლოვეს სერიოზულ დაბრკოლებებს ვაწყდებოდით. ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. საქართველოს სახით, მე დავინახე ძალიან კონცენტირებული გუნდი, რომელიც ბურთისთვის იბრძოდა.
პირველ რიგში, მინდა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომა გამოვხატო. დღეს კიევზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ამიტომ მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ ადამიანს, ვინც ახლა იქ იმყოფება - მათ გვერდით ვარ. თითქმის ყველა ფეხბურთელს ჰყავას მეუღლე, შვილები, ოჯახი - ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან უკრაინაში და ეს არის ძალიან რთული. ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით", - აღნიშნა მალდერამ.