სვანაძე: ,,იძულებითმა ცვლილებებმა გეგმები არია, განსაკუთრებით - შეტევაში''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა:
,,არ შეიძლება ამ ოთხივე მატჩში ჩვენი დაცვის ხაზის თამაში არ აღინიშნოს. და ზოგადად დაცვითი ფაზა, რადგან ჩვენთვის დაცვითი ფაზა არ არის მხოლოდ იგივე მცველები თუ მეკარე, დაცვითი ფაზა იწყება ყოველთვის ჩვენი ფორვარდებიდან და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით.
რეალურად. დღეს ვითამაშეთ ოთხი გამოკვეთილი მცველით და პირველ ტაიმში ბურთის ამოტანა ხდებოდა ორი ცენტრალური მცველით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დროზე, ეს დრო არ არის ალიბი, ნამდვილად არ გვჭირდება ალიბი. ეს არის სრული სიმართლე. რეალურად ძალიან დაძაბულ გრაფიკში ვიყავით და სულ თითზე ჩამოსათვლელი ვარჯიში ჩავატარეთ. გარდა ამისა, ორი ვარჯიში ცენტრალურ სტადიონზე გვქონდა, ამიტომ ტაქტიკურ მხარეს ძალიან მცირე დოზით შევეხეთ. მე-2 ტაიმში ბურთის ამოტანის დროს სამმცველიან სქემას ვუბრუნდებოდით და სწორედ ამიტომ დალაგდა თამაში, დაცვის დროს კი ისევ 4-მცველიან სქემაზე ვრჩებოდით. პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გვქონდა და ამან ძალიან კარგად იმუშავა.
ისიც მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ნოემბერში ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა სულ სხვა კონდიციებში იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად ხარისხიანები ვიქნებით როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
ზოგადად წარმოუდგენელია ასეთ მოკლე ვადაში ოთხი ასეთი ინტენსივობის მატჩის ჩატარება, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით. სამწუხაროდ ძალიან ბევრი იძულებითი ცვლილება მოგვიწია, რამაც გეგმები განსაკუთრებით შეტევის ხაზში ძალიან არია.
ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და ამ მიზნისთვის ყველაფერი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დალაგდება. გვექნება სირთულეები, თუმცა მიზანი არ შეიცვლება და არ შეიცვლება ერთი რამის გამო - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთა ლიგაზე დამოკიდებული, წინ გვაქვს კლასიკური შესარჩევიც.'' - რამაზ სვანაძე
საქართველოს ნაკრები, რომელიც 2 ქულით ჯგუფის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს 14 ნოემბერს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.