"წასვლა სლოტმა აიძულა" - საიდუმლო სალაჰის გადაწყვეტილების მიღმა
მოჰამედ სალაჰის სენსაციურმა განცხადებამ და ფენომენალური კარიერის შემდეგ ლივერპულის დატოვების გადაწყვეტილებამ, მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო - ეგვიპტელმა ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულს დატოვებს.
თუმცა, როგორც ჩანს, სალაჰის ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა ერთპიროვნული. ეგვიპტელთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ სალაჰს ეს ნაბიჯი არნე სლოტთან გაუთავებელმა დაპირისპირებამ გადაადგმევინა. მაშინ, როდესაც ლეგენდარული ფორვარდი ენფილდზე უკანასკნელ თვეებს ატარებს, ეგვიპტის ნაკრებში მისი თანაგუნდელი და ახლო მეგობარი თითს არნე სლოტისკენ იშვერს და აღნიშნავს, რომ ნიდერლანდელმა მენეჯერმა ურთიერთობა იმდენად დააზიანა, რომ აღდგენა შეუძლებელია.
არნე სლოტმა ის უბრალოდ გვერდზე გასწია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სალაჰი ლივერპულს ტოვებს არნე სლოტია! ბოლო პერიოდში ნათლად ვიხილეთ შემთხვევები, რამაც ურთიერთობა ძალიან დააზიანა - სალაჰს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და მას უბრალოდ სურდა მშვიდად გაეგრძელებინა საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა და რომელსაც იდეალურად აკეთებდა. - მოჰამედ აბუტრიკა.
🚨🚨 BREAKING: Arne Slot has decided to step down from his role at Liverpool at the end of the season 🔴
— MatchDay Central (@MatchDCentral) April 5, 2026
The decision has been made internally, with an official announcement expected in due course.
[@indykaila] pic.twitter.com/FQDEV6qziT
გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ლივერპული გასული სეზონების ძლევამოსილი კლუბის მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი - პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად არაფერი გამოსდის და არათუ ტიტულის შენარჩუნება, არამედ ოთხეულში მოხვედრაც გაუჭირდება.
კულმინაცია ასოციაციის თასის 1/4-ფინალში, მანჩესტერ სიტისთან გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) მარცხია, რის შემდეგაც არნე სლოტის გათავისუფლების შესახებაც აქტიურად დაიწყეს აპელირება.
ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არნე სლოტი და ლივერპულის მფლობელები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ კი ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მედია სლოტის შეცვლის მთავარ კანდიდატად ხაბი ალონსოს ასახელებს.
როგორც არ უნდა განვითარდეს სლოტის მომავალი ერთი რამ ცხადია - 436 მატჩში გატანილი 255 გოლისა და არაერთი რეკორდის ავტორი, მოჰამედ სალაჰი მერსისაიდულ გრანდს ზაფხულში დატოვებს და უდიდესი ალბათობით, ბრწყინვალე კარიერის ფინალურ ეტაპს საუდის არაბეთში გაივლის.