Belive

ზაფხულის ტოპ 10 ტრანსფერი პრემიერ ლიგაში

1 კვირის წინ ფეხბურთი
8 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ფინანსური თვალსაზრისით, პრემიერ ლიგა სატრანსფერო ბაზრის მთავარი მოთამაშეა. ინგლისურმა კლუბებმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად დაახლოებით £3.44 მილიარდი (€4 მილიარდზე მეტი) დახარჯეს.

რეკორდებიც ვიხილეთ - ალექსანდერ ისაკის ლივერპულში ტრანსფერი პირველ ადგილს აღარ იკავებს, რადგან მანჩესტერ სიტიმ ფული არაფერში დაინანა და ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გაიღო. ზოგადად, სიტიმ ამ ზაფხულში საოცრებები ჩაიდინა, ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა და შემადგენლობა ისეთი ფეხბურთელებით გადაახალისა, როგორებიც არიან ენცო ფერნანდესი, ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემ ფორესტი, €135 მლნ.), აიუბ ბუადი (ლილი, €95 მლნ.), ილიმან ნდიაიე (ევერტონი, €70 მლნ.) და პალმეირასის ახალგაზრდა ტალანტი ალანი (€37.5 მლნ.).

საპირისპირო პოლუსზე იყო ჩელსი - ლონდონელებმა გაყიდული ფეხბურთელებიდან ჯამში €447.8 მილიონი მიიღეს. კლუბიდან წავიდნენ თავად ენცო ფერნანდესი (€145 მლნ.), ანდრეი სანტოსი (€56.3 მლნ.), ნიკოლას ჯექსონი (€55 მლნ.) და სხვები.

მოკლედ, ბაზარი ძალიან ცხელი იყო. აი, პრემიერ ლიგის ამ სეზონის ტოპ 10 ტრანსფერიც, რომელიც The Athletic-ის თანახმად, ყველაზე ხმაურიანად ჟღერს:

10. მაქსანს ლაკრუა (კრისტალ პალასიდან ჩელსიში)

თანხა: €60.7 მილიონი

კონტრაქტი: 6 წელი

გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ხანდახან ჩელსიც აკეთებს გონივრულ ტრანსფერს. ეს არის ყველაზე ნაკლებად "ჩელსისებური" (რასაც ბოლო წლებში შეგვაჩვია) და ამავდროულად, ყველაზე საჭირო გარიგება იმისთვის, რომ ლონდონურმა კლუბმა დაცვის ხაზი გააძლიეროს. ლაკრუა გამოცდილი ცენტრალური მცველია, რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს და სამ მცველიან ტაქტიკაშიც იდეალურად ჩაჯდება. გასულ სეზონში ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო PL-ში, რომელმაც 50-ზე მეტი ვარდნა, 200-ზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა და 250-ზე მეტი მოგერიება (ბურთის ფეხით ან თავით შორს გადაგდება და სახიფათო სიტუაციის განმუხტვა) დააფიქსირა.

9. ენცო ფერნანდესი (ჩელსიდან მანჩესტერ სიტიში)

თანხა: €134 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

ცხელი ზაფხული იყო. ფასები ასტრალში გავიდა. €145 მილიონის გადახდა ბიჭში, რომელიც ჩელსიმ 2023 წლის იანვარში €121 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა და ამ ფასის შესაბამისი დიდი არაფერი გაუკეთებია, რა გითხრათ, რით გაგახაროთ... როდესაც ენცო კარგად თამაშობს, ის ბრწყინვალე გადაცემებს აკეთებს, შეუძლია თამაშის ორგანიზება, ტემპის კარნახი და სიღრმიდან, 8 ნომერზე თამაში. თუმცა ეს მას სისტემატურად ჩელსიში არასოდეს გაუკეთებია. თუმცა ვაღიაროთ, სიტიში ენცოს მეტი გასაქანი ექნება.

8. გონსალო გარსია (რეალიდან ფულემში)

თანხა: €40 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

გასული სეზონის სტარტზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გარსიამ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ, ცხადია, სათამაშო დრო მოაკლდა - მისი ადგილი კილიან მბაპემ დაიკავა, გარსიამ კი ლა ლიგაში 952 წუთი ითამაშა (10 სრულ მატჩსაც არ უდრის). ფულემში იგი ყოფილმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ იხმო და უკვე 2 გოლის გატანა მოახერხა. რამდენად ღირსეულად ჩაანაცვლებს იგი რაულ ხიმენესს, დრო აჩვენებს, მაგრამ სტარტი შესანიშნავი ჰქონდა.

7. ანტონიო სილვა, ბენფიკადან ბორნმუთში

თანხა €25 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

22 წლისაა, პორტუგალიის ნაკრებში უკვე 20-ჯერ აქვს ნათამაშები და ამბობენ, რომ ნაკრების დაცვის მომავალი სწორედ ის იქნება. ისმის კითხვა, რატომ გაყიდა ბენფიკამ ასეთ ფასად იმედისმომცემი ფეხბურთელი? პასუხი ასეთია - პროგრესირება შეწყვიტა და ჟოზე მოურინიოს პერიოდში, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. კარგი მცველია, წნეხს უმკლავდება და ტოტენჰემში წასულ სენესის ჩინებულად ჩაანაცვლებს.

6. იოჰან მანზამბი, ფრაიბურგიდან ასტონ ვილაში

თანხა: €60 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

მანზამბიმ ნიუკასლის ნაცვლად არჩევანი ასტონ ვილაზე შეაჩერა. ევროპა ლიგის შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, სადაც იგი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა, 20 წლის ფეხბურთელი უდავოდ კარგი შენაძენია. აქვს ათლეტური მონაცემები, ძლიერია და კარგად ფლობს ბურთს. ბოლოს, როდესაც უნაი ემერიმ მოწინააღმდეგე გუნდში ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი შეამჩნია და ასტონ ვილაში მოიყვანა, ყველაფერი იდეალურად დასრულდა - საბოლოოდ ის ფეხბურთელი ჩელსიში €138 მილიონად წავიდა (მორგან როჯერსზეა საუბარი).

5. ბრედლი ბარკოლა, პარი სენ-ჟერმენიდან ლივერპულში

თანხა: €125 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

ალექსანდერ ისაკისა და ფლორიან ვირტცის შემდეგ, ბარკოლა ლივერპულის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. ალექსანდერ ისაკმა და ფლორიან ვირტცმა ჯერჯერობით შესაძლებლობები სათანადოდ ვერ წარმოაჩინეს, იქნებ მესამე ცდამ გაამართლოს? ბარკოლა უმაღლესი დონის შემტევია: აქვს სისწრაფე, სტილი, ელეგანტურობა, 23 წლისაა და კონტრშეტევებზე გამანგურებელია. ტრანსფერი თითქოს ძვირადღირებულებია, მაგრამ უახლესი წარსული გვაჩვენებს, რომ მისი სტილის ვინგერები ლივერპულში უმაღლეს დონეზე ადიან.

4. ელიოტ ანდერსონი ნოტინგემ ფორესტიდან მანჩესტერ სიტიში

თანხა: €135 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

ანდერსონი ისე თამაშობდა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი მას ნოტინგემ ფორესტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიებდა. ნიუკასლში ვიღაც ძალიან შეცდა, როდესაც ორი წლის წინ მის 35 მილიონად გაყიდვას ხელი მოაწერა. გასულ სეზონში მისი სტატისტიკა საოცარი იყო: ბურთთან შეხების, ორთაბრძოლებში გამარჯვებისა და ბურთის მოპოვების სტატისტიკაში იგი პირველ ადგილს იკავებდა. თუ იგივე ფეხბურთი ეტიჰადზეც ითამაშა, ეს კოლოსალური თანხა გამართლებულად ჩაითვლება.

3. მამადუ სანგარე, ლენსიდან ბრენტფორდში

თანხა: €48 მილიონი

კონტრაქტი: 5 წელი

გასულ წელს, სანგარეს ჩინებული სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-ის წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ბრენტფორდში საუცხოო დებიუტი ჰქონდა - ტოტენჰემთან მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე გადაცემაც მიითვალა. The Athletic-ის თანახმად, სანგარეს დახვეწა კიდევ სჭირდება, თუმცა მისი უნარი - იყოს ჩინებული ჩამშლელი და ასევე, ხაზებს შორის უზუსტესი გადაცემის გამკეთებელი - მას წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად აქვევს.

2. ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლ იუნაიტედიდან არსენალში)

თანხა: €87.5 მილიონი

კონტრაქტი: 4 წელი

ძვირადღირებული ტრანსფერი გამოდგა. მითუმეტეს, 28 წლის ფეხბურთელისთვის. თუმცა ბრუნო გიმარაეშს უკვე ბევრი რამ აქვს დამტკიცებული პრემიერ ლიგაში. მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში უკვე ბევრმა მაღალი კლასის ნახევარმცველმა მოიყარა თავი და გიმარაეში არტეტას ნახევარდაცვას იდეალურს გახდის.

1. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილადან ჩელსიში)

თანხა: €8.75

კონტრაქტი: 2 წელი

მარტინესი თავზეხელაღებულია, თავხედი, ამაყი, ემოციური, მეტოქისთვის გამაღიზიანებელი, მაგრამ სიმართლე ვთქვათ - შესანიშნავი მეკარეა. ის სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც ჩელსი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეძებს. ის შეავსებს ყველაფერს, რასაც რობერტ სანჩესი ვერ უმკლავდებოდა და ამ თანხის სანაცვლოდ, ჩელსიმ საუკეთესო გარიგებას მიაღწია. წელიწადში 9 მილიონს ჩელსი იმ ფეხბურთელებს უხდის ხელფასის სახით, რომელსაც სეზონის განმავლობაში სულ სკამზე ვხედავთ.

სხვა სტატიები