Belive

ტრენტის მომავლის ორი ალტერნატივა: ლივერპულში დაბრუნება თუ ახალი როლი რეალში

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში მოსვლის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სტატუსი „სამეფო კლუბში“ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე უპირატესობას უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ანიჭებს. დენზელ დუმფრისის ტრანსფერის შემდეგ ინგლისელს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება კიდევ უფრო გაუჭირდა, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ნიდერლანდელი იქნება პორტუგალიელი მწვრთნელისთვის პირველი არჩევანი.

ალექსანდერ-არნოლდის პირველი სეზონის სტატისტიკა ლა ლიგაში, მის მერსისაიდულ წლებთან შედარებით, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. ტრავმებისა და ხშირი როტაციის გამო, ინგლისელს მხოლოდ 14 მატჩში მიეცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება.

ენდი ტაუნსენდის აზრით, ლივერპულმა უნდა ისარგებლოს იმ გაურკვევლობით, რომელიც ალექსანდერ-არნოლდის მდგომარეობას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახლავს. გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით რეალში გადასვლის შემდეგ, 27 წლის ფეხბურთელის ოცნების ტრანსფერი იმედგაცრუებად იქცა, რამაც მისი ლივერპულში დაბრუნების შესახებ საუბრები გააჩინა.

ტაუნსენდის აზრით, ერთწლიანი იჯარა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, თავი კვლავ მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნოს.

ტაუნსენდმა „talkSPORT“-თან ინტერვიუში განმარტა, რატომ იქნება ეს ტრანსფერი ლივერპულისთვის სწორი ნაბიჯი, განსაკუთრებით კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ტაქტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

„ტრენტის დაბრუნება ლივერპულს საგრძნობლად გააძლიერებს. ფრიმპონგს, როგორც მარჯვენა მცველს, ბოლომდე ვერ ვხედავ. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები შეტევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კარგ პოზიციაში გასვლის შემდეგ ხარისხიანი ჩაწოდება თუ არ შეგიძლია, ეს პრობლემაა. ფრიმპონგს სწორედ ბოლო გადამწყვეტი პასი აკლია, მაშინ როცა ეს კომპონენტი ტრენტის ყველაზე ძლიერი მხარეა“ - ენდი ტაუნსენდი

საინტერესო იყო იმის ხილვა, რომ ჟოზე მოურინიომ ფიორენტინასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ნახევარმცველის როლში გამოიყენა. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალში სწორედ ნახევარდაცვის ხაზში გაცილებით მაღალი კონკურენციაა, ვიდრე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო პერიოდში მადრიდულ კლუბს როდრის შესაძლო ტრანსფერსაც აქტიურად უკავშირებენ, რაც ცენტრში კონკურენციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

სხვა სტატიები