ტოტენჰემმა ნიუკასლიდან სანდრო ტონალი დაიმატა: კლუბის ახალი სატრანსფერო რეკორდი
ტოტენჰემმა ნიუკასლ იუნაიტედთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. სანდრო ტონალი ლონდონში გააგრძელებს კარიერას.
26 წლის ფეხბურთელმა ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ, ტოტენჰემმა £92.5 მილიონი გადაიხადა. გარიგება მოიცავს ფიქსირებულ 92.5 მილიონ ფუნტს, რასაც დამატებითი 7.5 მილიონი ფუნტი ბონუსების სახით მოჰყვება, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პირობებზეა დამოკიდებული.
ტონალი უკანასკნელ დღეებში უკვე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც კლუბის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. ცოტა ხნის წინ ტოტენჰემს ვესტ ჰემიდან მატეუშ ფერნანდეში შეუერთდა, რომლის სანაცვლოდაც ლონდონელებმა დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. შეგახსენებთ, რომ „დეზების“ წინა რეკორდი 2024 წლის აგვისტოში დომინიკ სოლანკეს ტრანსფერი იყო, რომელშიც კლუბმა 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორედ დაკავებული მე-17 ადგილის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის საფუძვლიანი განახლება გადაწყვიტა. იტალიელი ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მეექვსე შენაძენია. მანამდე გუნდს შემოუერთდნენ თავისუფალი აგენტის სტატუსით ენდი რობერტსონი, მარტინ დუბრავკა და მარკო სენესი შემოუერთდნენ. ასევე, კლუბმა ბრაიტონიდან 52 მილიონად იან პოლ ვან ჰეკეც დაიმატა.
გასულ სეზონში ტონალიმ „ნიუკასლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა პრემიერ ლიგა მე-12 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე მიაღწია.
ტოტენჰემის ნახევარდაცვა ახლა გადატვირთულია: გუნდში უკვე არიან კონორ გალაგერი, როდრიგო ბენტანკური, პაპე მატარ სარი, არჩი გრეი და ლუკას ბერგვალი. თუმცა, შვედმა ნახევარმცველმა კლუბს უკვე აცნობა, რომ ახალი გამოწვევების ძიება სურს. The Athletic-ის ცნობით, 20 წლის ბერგვალი ნოტინგემ ფორესტში ელიოტ ანდერსონის შემცვლელის ერთ-ერთი კანდიდატია.
მიმდინარე ზაფხულში ნიუკასლი უკვე მეორე მაღალი დონის ფეხბურთელმა დატოვა. ენტონი გორდონი ბარსელონას შეუერთდა და ასევე ცნობილია, რომ ბრუნო გიმარაიშის მიმართ არსენალი იჩენს ინტერესს.
2023 წლის ივლისში მილანიდან ნიუკასლში 60.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ, ტონალიმ იმავე წლის ოქტომბერში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 2024 წლის აგვისტოში დაბრუნების შემდეგ, მან ნიუკასლის შემადგენლობაში 110 მატჩი გამართა, 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.