The Last Dance: მესი, რონალდუ და სხვა ვეტერანები, რომლებისთვისაც 2026 წლის მუნდიალი ბოლო იქნება
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული ტურნირი იქნება - სრულიად გამორჩეული ყველაფრისგან, რაც აქამდე გვინახავს. მუნდიალი, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 48 გუნდამდე გაიზარდა და რომელსაც ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს, ამ შეჯიბრების თითქმის ასწლოვან ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სანახაობად იქცევა.
ფეხბურთელთა მთელი თაობისთვის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო მწვერვალებს იპყრობდა, ეს სანაკრებო გზის დასასრულია. ლეგენდების მთელი თანავარსკვლავედი დიდ სცენას ემშვიდობება და 2026 წლის მუნდიალი მათთვის ბოლო შანსია ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ან გულშემატკივართან ღირსეულად გამოსამშვიდობებლად.
ზოგიერთი მათგანი მუნდიალს ჩემპიონის რანგში დაემშვიდობება, სხვები მიზნამდე მისვლას ვერ შეძლებენ, თუმცა თითოეული მათგანი საერთაშორისო ასპარეზზე ისეთ სიცარიელეს დატოვებს, ფეხბურთის ქომაგს არაერთხელ რომ ათქმევინებს - მაშინ სულ სხვა ფეხბურთი იყოო.
ლიონელ მესი
ლიონელ მესი მალე 39 წლის გახდება. წარსულში გაკეთებული არაერთი მინიშნების მიუხედავად, გადაწყვიტა, მოედანზე გავიდეს და სარეკორდო, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.
ფეხბურთის ისტორიაში უდიდესმა მოთამაშემ ერთადერთი ტიტული, რომელიც მის კოლექციას აკლდა, 2022 წლის დრამატულ ფინალში, საფრანგეთის დამარცხებით მოიპოვა. ამის შემდეგ მესი ამერიკაში გადაბარგდა და ინტერ მაიამის შეუერთდა. ცხადია, საოცრებების კეთება აშშ-ში არ შეუწყვეტია, თუმცა საფეხბურთო ასაკი ყოველთვის წონიანი ფაქტორია და კვლავ არსებობს კითხვები იმის შესახებ, შეძლებს თუ არა არგენტინელი ჯადოქარი გაზრდილ ფორმატთან, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში აუტანელ სიცხესთან გამკლავებას.
კრიშტიანუ რონალდუ
თუ ამ მუნდიალზე პორტუგალია გაიმარჯვებს, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე მსოფლიო თასი აღუმართავს. მესისგან განსხვავებით, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელს ეს ტურნირი ჯერ არ მოუგია, მეტიც - მას პლეი-ოფის ეტაპზე გოლიც კი არ აქვს გატანილი. შესაბამისად, რონალდუსთვის, რომელსაც კარიერაში თითქოს ყველაფერი ნათქვამი და დამტკიცებული აქვს, მსოფლიო ჩემპიონატი ჯერჯერობით აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება.
პორტუგალიის ნაკრები ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. სანამ რაფაელ ლეაუ, პედრუ ნეტუ და გონსალუ რამუში თავიანთი სანაკრებო კარიერის მწვერვალზე ასასვლელად ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რობერტო მარტინესი გუნდს კვლავ რონალდუს გარშემო აშენებს. მესის მსგავსად, რონალდუსთვისაც ეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და, ფაქტია, CR7-ისთვის მუნდიალის დასაპყრობად ეს უკანასკნელი შანსია.
გილერმო ოჩოა
მესისგან და რონალდუსგან განსხვავებით, გილერმო ოჩოას ტურნირზე გამგზავრება ბევრად ბუნდოვანი და სათუო იყო, თუმცა მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მექსიკელი მაინც მოხვდა.
ოჩოას საკლუბო კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა: მას უთამაშია ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ბელგიის ჩემპიონატებში, ხოლო გასული სეზონი კვიპროსში, აელ ლიმასოლში გაატარა. მან უკვე მიანიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს - ამით წერტილი დაესმება იმ ადამიანის ეპოქას, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუნდიალების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ და განუყოფელ ნაწილად იქცა.
მანუელ ნოიერი
ოჩოა არ არის ერთადერთი ლეგენდარული მეკარე, რომელმაც ნაკრებში მოულოდნელი მიწვევა მიიღო. ბოლო ორი წლის განმავლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ტრავმებმა შეუშალა ხელი, პოტენციური ძირითადი მეკარის, ოლივერ ბაუმანის სათამაშო ფორმა კი კვლავ კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამიტომ გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და მანუელ ნოიერს სანაკრებო კარიერის განახლება და უკანასკნელ ბრძოლაში ჩაბმა სთხოვა.
ნოიერი იმ ვეტერანთა შორის იყო, რომლებმაც ევრო 2024-ის მასპინძლობის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადეს. თუმცა, ბაიერნში ჩატარებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, გერმანიის ნაკრებს დაუბრუნდა და კიურასაოს წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (7:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ლუკა მოდრიჩი
კიდევ ერთი 40 წლის ვეტერანი - ლუკა მოდრიჩი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, კრეიგ გორდონის, კრიშტიანუ რონალდუსა და გილერმო ოჩოას შემდეგ ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. ნახევარდაცვის მაესტრო ხორვატიის ნაკრებს 2018 წელს ხორვატიას ისტორიაში პირველი ფინალისკენ გაუძღვა, სადაც გუნდი საფრანგეთთან დამარცხდა, ხოლო 2022 წელს, ასევე მოდრიჩის შესანიშნავი თამაშით, ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს.
გასულ ზაფხულს, რეალთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მოდრიჩი მილანს შეუერთდა და მისი მოედანზე ყოფნის ეფექტი იტალიის მინდვრებზეც იგრძნეს. ახლა ის მოედანზე თავის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე გავა და გახდება მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ნაკრებში 200-მატჩიან ნიშნულს მიაღწევს (თუ ჩავთლით, რომ სავარაუდოდ, მესი მას დაასწრებს - ამჟამად არგენტინელს 198 მატჩი აქვს ჩატარებული, მოდრიჩს კი - 197).
ედინ ჯეკო
მესის, რონალდუსა და მოდრიჩისგან განსხვავებით, ედინ ჯეკოს სრული უფლება ჰქონდა ეფიქრა, რომ მისი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია დიდი ხნის დასრულებული იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებმა 2014 წლის ერთადერთი გამოსვლის შემდეგ დიდ ტურნირებზე მოხვედრა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა. თუმცა, ჯეკომ შეძლო პლეი-ოფში იტალიის დამარცხების შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს მუნდიალისკენ გაუძღვა.
მალე ჯეკო ნაკრებში 150-მატჩიან ნიშნულს გადააბიჯებს, სადაც უკვე 70-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. იანვარში, შალკეში გადასვლის შემდეგ მან დაამტკიცა, რომ გოლის ალღო არ დაუკარგავს და გუნდს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. მანჩესტერ სიტისა და ინტერის ყოფილ თავდამსხმელსა უმაღლესი დონის გოლეადორს კარიერის მიწურულს მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გამოჩენა ნამდვილად ეკუთვნის და ეს ფეხბურთის ქომაგებს მხოლოდ სიამოვნებას თუ მოგვრის.
სონ ჰინ მინი
ივლისში სონი 34 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით მას დრო კიდევ აქვს, თუმცა ტოტენჰემის ლეგენდამ უკვე აქცია ზურგი ევროპულ ფეხბურთს და MLS-ის კლუბ ლოს-ანჯელესს შეუერთდა. მომდევნო მუნდიალისთვის 38 წლის იქნება და ზემოთაღნიშნული ფეხბურთელების გათვალისწინებით, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა მაინც მოსალოდნელია, რომ ამ მუნდიალის შემდეგ სონმა იგრძნოს, რომ კორეული ფეხბურთისთვის მან ყველაფერი გაიღო, რაც კი შეეძლო.
მოჰამედ სალაჰი
სონზე სულ რამდენიმე დღით უფროსი მოჰამედ სალაჰი იმავე ნავში ზის - ისიც საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში უდიდესი მოთამაშეა და წლებია, ეგვიპტის ნაკრებს ერთპიროვნულად ლიდერობს. ამჯერად მას გვერდით ძლიერი დასაყრდენი ჰყავს, მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის, ომარ მარმუშის სახით, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში "ფარაონები" მთავარ მუხტს კვლავ სალაჰისგან ელიან. და ეს იმის მიუხედავად, რომ ლივერპულში არასახარბიელო სეზონი ჰქონდა.
ენფილდიდან წასვლის შემდეგ, სალაჰის საუდის არაბეთში გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში ის კარიერის დასასრულისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას დაიწყებს. ამ ფონზე კი იმის მოლოდინი, რომ ის ამ ზაფხულის შემდეგაც გააგრძელებს სანაკრებო კარიერას, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა.
სადიო მანე
სადიო მანე ბოლო ათწლეულის განმავლობაში სენეგალის ნაკრების წარმატების მთავარი სიმბოლო და წარმატებისკენ მიმავალი მთავარი ფიგურა იყო. თუმცა, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის წინ თავდამსხმელს უკვე 34 წელი შეუსრულდა, ეს, შესაძლოა, მისი უკანასკნელი შანსი აღმოჩნდეს, რომ საკუთარ ქვეყანას მუნდიალზე წინ გაუძღვეს.
ლივერპულისა და ბაიერნის ყოფილი ვინგერი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც 2021 წელს გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ქვეყანას ისტორიაში პირველად მოაგებინა აფრიკის ერთა თასი. მანვე გაიყვანა სენეგალი ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, მძიმე ტრავმის გამო, ტურნირის გამოტოვება მაინც მოუწია.
საუდის არაბეთის ალ-ნასრში გადაბარგების შემდეგ მანე ევროპელი გულშემატკივრების თვალთახედვიდან გარკვეულწილად დაიკარგა, თუმცა სამშობლოს წინაშე ერთგულება არასდროს შეუცვლია და გუნდის კაპიტნობას დღემდე აგრძელებს. ახლა, როდესაც მის გვერდით ისმაილა სარისა და ილიმან ნდიაიეს სახით ნიჭიერი მქონე ფეხბურთელები იზრდებიან, მანეს ლიდერული თვისებები და გამოცდილება შეიძლება სწორედ ის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, რაც სენეგალს 2026 წლის მუნდიალზე მინიმუმ ჯგუფიდან გასასვლელად დასჭირდება.
რიად მაჰრეზი
კვლავ აფრიკის კონტინენტზე დავრჩეთ. პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ბრწყინვალე ტექნიკის მქონე მაჰრეზი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი აფრიკის კონტინენტზე დაბადებულა. 35 წლის ასაკშიც კი, მაჰრეზის თავბრუდამხვევ დრიბლინგსა და ბურთის საოცარი პირველი შეხებას გულშემატკივრები თუ თანაგუნდელები კვლავ აღფრთოვანებაში მოჰყავს.
ცოტა ვინმე თუ შეედავება იმ აზრს, რომ ის საერთაშორისო არენიდან გამორჩეულ გაცილებას იმსახურებს. მას მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები, ისიც დიდი ხნის წინ - 2014 წელს. მას შემდეგ, ალჟირმა ბრაზილიის მუნდიალის მერე კვალიფიკაციის გავლა ვეღარ მოახერხა.
კევინ დე ბრუინე
ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა: თვლი თუ არა, რომ ბელგიის "ოქროს თაობამ" ვერ გაამართლაო, რაზეც კევინ დე ბრუინე გაბრაზდა და პრესკონფერენცია მიატოვა. არადა, ასეა: ბელგიის იმ საოცარი შემადგენლობისგან დიდ ტიტულებს ელოდნენ, თუმცა ბელგია ფინალშიც არ გვინახავს. რუდი გარსიას ხელმძღვანელობით, ბელგია გარდამავალ ეტაპს გადის, თუმცა დე ბრუინი კვლავ მაინც ის მთავარი ფიგურაა, ვისაც ერთი გენიალური პასით მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა ან შორი მანძილიდან ეფექტური დარტყმის შესრულება შეუძლია.
ვირჯილ ვან დაიკი
ვან დაიკი ის მცველია, რომლის წინააღმდეგაც ერთი-ერთზე დარჩენა ნებისმიერი შემტევისთვის ცუდად დასრულებულა - უიშვიათეს გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. 35 წლის ნიდერლანდელი ნაკრების კაპიტანია და იაპონიასთან 2:2 დასრულებულ მატჩში თავით ჩინებული გოლიც გაიტანა.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ გასული სეზონი ვან დაიკისთვის საუკეთესო არ ყოფილა - მერსისაიდზე გაჩნდა შიში, რომ "წითლების" კაპიტანმა სისწრაფე დაკარგა და რომ მისი საფირმო სათამაშო ინტუიციაც აღარ არის ძველებურ დონეზე. ამ ფონზე, ნიდერლანდელი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი კაპიტანი თავის რიგით მეორე და, სავარაუდოდ, უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე სათანადო ფორმას დაიბრუნებს.
ხამეს როდრიგესი
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი, ხამეს როდრიგესი, ივლისში 34 წლის ხდება, თუმცა კოლუმბიელი გულშემატკივრებისთვის მისი ჩრდილოეთ ამერიკაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც 12 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ინდივიდუალური პერფორმანსით მთელი საფეხბურთო სამყარო განაცვიფრა (რამაც დიდი აღიარება და რეალში ტრანსფერი მოუტანა) ხამესს ფიზიკური ფორმის შენარჩუნება ხშირად უჭირდა.
მისი კარიერა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ტრავმებისადმი მიდრეკილება. სულ ახლახან, MLS-ის გუნდ მინესოტა იუნაიტედშიც კი თამაშობდა - თუმცა საუკეთესო ძალებს ის ყოველთვის ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის ინახავდა.
ნეიმარი
ნეიმარი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: ეს იყო გრძელი და რთული გზა. ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ეროვნულ გუნდში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია (როდესაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა).
მას შემდეგ, რაც სექტემბერში ნაკრების სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, იტალიელი სპეციალისტი მას ჯიუტად არ აქცევდა ყურადღებას, რის გამოც, ნეიმარის იმედი, კიდევ ერთხელ ეთამაშა მუნდიალზე, თითქოს გადაწურული იყო.
თუმცა, ბრაზილიელთა შემტევ ხაზში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმტვრა. შედეგად, ანჩელოტიმ ნეიმარს ბოლო მომენტში მაინც მისცა შანსი და "სანტოსის" თავდამსხმელი 26-კაციან განაცხადში შეიყვანა. ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა როლს უმზადებს ანჩელოტი 34 წლის ფეხბურთელს ჩრდილოეთ ამერიკაში - ყოველ შემთხვევაში, მაროკოსთან თამაშში ნეიმარი მოედანზე არ გვინახავს, თუმცა კამერებმა მისი აქტიურობა სათადარიგოთა სკამზე არაერთხელ დააფიქსირეს.
ჰარი კეინი
ჰარი კეინი, კარიერის პიკში იმყოფება. 32 წლის ასაკში ის კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ბომბარდირია - გასულ სეზონში ბაიერნის შემადგენლობაში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში პირველ ადგილს ერთპიროვნულად იკავებს.
სრულიად რეალურია სცენარი, რომლის მიხედვითაც კეინი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდეც ფორმას შეინარჩუნებს და ინგლისის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდება. თუმცა, წინ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატია, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელი ინგლისია, და ეს ტურნირი, შესაძლოა, იდეალური შანსი აღმოჩნდეს კეინისთვის, რათა სანაკრებო კარიერას წერტილი დაუსვას.