სვანაძე: "ყველაფრის დახვეწა შეიძლება, ერთმანეთისგან პროგრესი უნდა მოვითხოვოთ"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, სამ დღეში, საქართველომ უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, რამაც 3-5-2 სქემაში თამაშის მართვა, მაღალი ტემპი, სითამამე და ხშირ შემთხვევაში, მოედნის ცენტრის კონტროლი უზრუნველყო.
პირველ ტაიმში გუნდი მარცხენა ფლანგის აქტიურობით, შორიდან დარტყმებითა და მაღალი პრესინგით გამოირჩეოდა. მეორე ტაიმში თითქოს დასტაბილურდა, თუმცა მესამოცე წუთისთვის გვქონდა მომენტუმი - ერთგვარი აფეთქება და რამდენიმე სახიფათო მომენტი, რომელიც რეალურ საგოლე შანსად ვერ იქცა.
მატჩის მიწურულს, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის მოედნიდან გასვლა ჩვენს თამაშზე მნიშვნელოვნად აისახა. ცენტრზე კონტროლი დაიკარგა, შეტევებს ხიფათი და სიხისტე დააკლდა და გუნდმა სიღრმეში დაიხია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.
პირველ რიგში, ყველას გამარჯვება გვინდოდა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. პირველი ტაიმი ხარისხობრივად უკეთესი გამოვიდა, მეორეში კი დაღლილობა დაგვეტყო.
მიუხედავად ამისა, მატჩში ბევრი პოზიტიური დეტალი გამოჩნდა. მხოლოდ ერთი ვარჯიშისა და თეორიული შეხვედრის ფონზე, მოვახერხეთ დაცვითი ხაზის აწყობა და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაღალი პრესინგიც ვითამაშეთ. უკრაინა ძალიან ძლიერი მეტოქეა - მათ სათამაშო სტილი კარგად აქვთ დახვეწილი.
დარწმუნებული ვარ, მომავალში როგორც თამაშის ხარისხით, ისე შედეგითაც ბევრად უკეთეს მაჩვენებელს მივაღწევთ.
დღეს დაცვის ხაზი საკმაოდ მაღლა გვქონდა ამოწეული. სტანდარტულ სიტუაციებშიც ნორმალურად გამოვიყურებოდით. რა თქმა უნდა, ყველაფრის დახვეწა შეიძლება, თუმცა ამას დრო სჭირდება. დროთა განმავლობაში კი ერთმანეთისგან პროგრესი უნდა მოვითხოვოთ.
პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით, თუმცა დაღლილობამ თავისი როლი ითამაშა. დღეს პოზიტიური მუხტი ძალიან გვჭირდებოდა.
ბოლო მეოთხედში მოედნის ცენტრიდან სახიფათო შეტევა მივიღეთ, რაც ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა - ამიტომ შემდგომში ზედმეტ რისკს მოვერიდეთ. თავი შევიკავეთ ფორმაციის შეცვლისგანაც, რადგან ამ ეტაპზე, არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მეტოქისთვის განსხვავებული სისტემა შეგვეთავაზებინა".
რამაზ სვანაძემ ასევე ჩაკვეტაძისა და კიტეიშვილის როლის შესახებაც ისაუბრა.
"ყველა ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელიც თამაშის შინაარსს ცვლიან. გეთანხმებით, რომ ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, სწორად დავაბალანსოთ მათი შესაძლო არყოფნა", - აღნიშნა მან.