,,სხვა 47 მწვრთნელს დავუსვი კითხვა და არცერთ მათგანს ჩემთვის არ უპასუხია'' - ირანის მწვრთნელი
ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ამირ ღალენოის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე სხვა 47-მა მწვრთნელმა მას ზურგი აქცია.
ღალენოიმ, რომელიც ამბობს, რომ ირანი მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო თავს „გაქურდულად“ გრძნობს, აღნიშნა, რომ ტურნირზე მის არცერთ კოლეგას მისი კითხვებისთვის არ უპასუხია.
ირანის ნაკრებს ამერიკული სავიზო და სამგზავრო რეგულაციების გამო სერიოზული ბარიერები შეექმნა. ფიფას მცდელობები, მოეგვარებინა ირანელების ტრანსპორტირება, უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც, გუნდი ლოს-ანჯელესში ბელგიასთან მატჩამდე სულ რაღაც 18 საათით ადრე ჩაფრინდა, რამაც ნაკრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დააზარალა.
„ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით მოედნის მიღმა. სხვა 47 მწვრთნელს დავუსვი კითხვა და არცერთ მათგანს ჩემთვის არ უპასუხია.
ვგრძნობ თუ არა მათგან მხარდაჭერას? არა, არანაირი რეაქცია. თუმცა, როგორც ვიცი, ბელგიის პატივსაცემმა მწვრთნელმა თქვა, რომ ჩვენ აქ ფეხბურთისთვის ვართ და არა პოლიტიკისთვის. ჩვენი უკმაყოფილება უკავშირდება იმას, თუ როგორ მოგვექცნენ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები. სხვა მწვრთნელებისგან არაფერი მსმენია, ისინი საკუთარი გუნდებით არიან დაკავებულები და ჩვენ არანაირი გამოხმაურება არ მიგვიღია. მე კი მათ ადგილას ასე არ მოვიქცეოდი.
ფიფადან დაგვირეკეს და გვითხრეს: ,,მზად იქნებით თუ საღამოს 6 საათზე რეისს შემოგთავაზებთ?'’ მე ეს სიხარულით მივიღე, ვისხედით და ველოდებოდით... ველოდეთ საღამოს 7 საათამდე და არაფერი მომხდარა. ეს ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, განსაკუთრებით ჩემზე, როგორც მთავარ მწვრთნელზე... ვიცი, რომ ფიფა მაქსიმუმს აკეთებს და ამისთვის მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეს გამოუვიდათ...'' - ამირ ღალენოი
ღალენოიმ უკმაყოფილება ახალ ზელანდიასთან პირველი ტურის მატჩის შემდეგაც გამოხატა. მისი თქმით, ირანს აშშ-ის დატოვება და მექსიკაში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნება შეხვედრის დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში უბრძანეს.
Amir Ghalenoei has called out the other 47 World Cup teams for ignoring Iran's plighthttps://t.co/XPYHqZtjBb pic.twitter.com/nPmWxE8qU4
— Mirror Football (@MirrorFootball) June 21, 2026