სკალონი: "მესის მე რა უნდა ვასწავლო?!"
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, არგენტინა იორდანიას დაუპირისპირდა. წინასწარ ვიცოდით, რომ მესი ამ მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან არ დაიწყებდა და ასეც მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა - მაშინ, როცა არგენტინა უკვე იგებდა 2:1-ს.
20 წუთში ლეომ ჯარიმის გატანა მოასწრო და მუნდიალებზე გოლების ჯამური რაოდენობა 19-ზე აიყვანა. მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც სკალონიმ საინტერესოდ უპასუხა.
ჟურნალისტი: რა მითითებებს აძლევთ მესის?
სკალონი: სერიოზულად მეკითხებით?
ჟურნალისტი: დიახ, მაგალითად, უკან დაიხიე, აქეთ გადაადგილდი ან რაიმე მსგავსი
სკალონი: არა, ასეთს აბსოლუტურად არაფერს - რა უნდა ვასწავლო მესის?! ის 65 წუთი უყურებდა რა ხდებოდა მოედანზე და როცა შევიდა, ფიქრობთ რომ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა? რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტის ცვლილებების შესახებ, მაგრამ ინდივიდუალური მითითებები მასთან არასდროს მაქვს.
დღეს მას შეეძლო 90 წუთი ეთამაშა და შესაძლოა სტატისტიკა გაეზარდა, მაგრამ ის ასევე ამჯობინებდა, რომ მის თანაგუნდელებს მეტი სათამაშო დრო ჰქონოდათ, ასევე ამჯობინებდა მომავალზე ფიქრს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან ის არ ფიქრობს იმ ციფრებზე, რომლებზეც ხალხი ასე ბევრს საუბრობს. - განაცხადა სკალონიმ
"ES UNA LOCURA" 😂
— TNT Sports Argentina (@TNTSportsAR) June 28, 2026
La divertida respuesta de Lionel Scaloni sobre si le da indicaciones de juego a LIONEL MESSI.#TNTSportsMundial pic.twitter.com/pppn9o1pu0
არგენტინა 3-დან 3 მოგებით, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და 1/16-ფინალში კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული კი ავსტრალიასა და ეგვიპტეს შორის საუკეთესოს მერვედფინალში შეხვდება.