Belive

სკალონი: "ავსტრიასთან მატჩს ველით, თანაც მესი ძალიან მოწყურებულია..."

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლიონელ სკალონიმ, ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ალბისელესტეს“ დამრიგებელმა ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე და მუნდიალზე ისაუბრა, ასევე კარლო ანჩელოტის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მუნდიალზე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია.

ჟურნალისტებმა სკალონის კარლო ანჩელოტის ის სიტყვები შეახსენეს, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ არგენტინა საკმარისი ინტენსივობით არ თამაშობს.

"ძალიან კარგად გავაანალიზე ის, რაც ანჩელოტიმ ჩვენზე თქვა. ამან მოტივაცია მოგვცა. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო კომპლიმენტი იყო, ვიდრე კრიტიკა...

საერთოდ, კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ, რას გულისხმობენ ადამიანები სიტყვა 'ინტენსივობაში'. დღეს მსოფლიოში არც ისე ბევრი გუნდია, რომელიც მოედანზე გადის და მაღალ პრესინგს თამაშობს, თუმცა ტოპ ნაკრებები ამას აუცილებლად გააკეთებენ. ამ თემაზე ბევრი სალაპარაკო არაფერია, ყველაფერი რიგზეა. მირჩევნია, ზედმეტი აღარაფერი დავამატო.

ჩვენ აბსოლუტურად ყველა თამაშს ვადევნებთ თვალს. ვისაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყველა მატჩს ცოცხლად ვუყურებთ. აი, მაგალითად, ახლა, სანამ ენცო ფერნანდესი პრესკონფერენციაზე საუბრობდა, ტელევიზორში ურუგვაისა და კაბო ვერდეს მატჩის დასასრულს ვუყურებდით. ასეთი თამაშების ყურება ძალიან კარგია, რადგან ბევრ რამეს სწავლობ, მუდმივად სხვადასხვა სათამაშო სიტუაციას აანალიზებ.

თანაც, ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და როცა ტურნირზე ხარ ფოკუსირებული, სხვა ბევრი არაფერი გაქვს გასაკეთებელი - უყურებ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს, ესაუბრები შენს შტაბს და ცდილობ დაინახო, საით მიდის თანამედროვე ფეხბურთი.

რაც შეეხება მესის მამის მდგომარეობას, ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - ყველაფერი რიგზეა.

წინ ავსტრიასთან მატჩია, რომელსაც გუნდი ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, თანაც მაშინ, როდესაც მესი ასე თამაშობს და ყოველ თამაშზე 'მოწყურებულია'... ვნახოთ, კარგი მატჩი უნდა გამოგვივიდეს და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ..." - ლიონელ სკალონი

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს 22 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები