შაკირა, ბოჩელი, ქეითი პერი და 3 სხვადასხვა სცენა - 2026 წლის მუნდიალი გრანდიოზულად გაიხსნება
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო ჩემპიონატს ტურნირის გახსნის ცერემონიალიც შესაბამისი ექნება - მაყურებელი 3 ცერემონიალს იხილავს.
ანდრეა ბოჩელი, შაკირა და ქეითი პერი იმ სამი გრანდიოზული შოუს მთავარი ვარსკვლავები იქნებიან, რომლებიც სამ სხვადასხვა ქვეყანასა და სამ სხვადასხვა დღეს გაიმართება - ასეთი რამ ისტორიაში პირველად ხდება და თითოეული მათგანისთვის 90 წუთი იქნება გამოყოფილი,
პირველ ცერემონიალს 11 ივნისს მეხიკოს სტადიონი (იგივე "აცტეკა") უმასპინძლებს, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების გახსნითი მატჩის წინ. ღონისძიების მთავარი თემა მექსიკური ფოლკლორი და ტრადიციული "პაპელ პიკადო" (ქაღალდის დეკორაციები) იქნება.
ცერემონიალზე ანდრეა ბოჩელი, EJAE-სთან, დევიდ გეტასთან და Megan Thee Stallion-თან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს - DNA-ს შეასრულებს. სავარაუდოდ, ვიხილავთ შაკირასა და Burna Boy-ს დუეტსაც, რომლებიც მაყურებლის წინაშე ტრეკით Dai Dai წარდგებიან. გარდა ამისა, მუსიკოსთა ვარსკვლავურ შემადგენლობაში არიან: ალეხანდრო ფერნანდესი, ბელინდა, J Balvin, ლილა დაუნსი, Los Angeles Azules, Maná და Tyla.
ესტაფეტას 12 ივნისს ტორონტო გადაიბარებს, სადაც კანადის ნაკრები მუნდიალების ისტორიაში თავის პირველ საშინაო მატჩს ჩაატარებს, ცერემონიალის მთავარი მოტივი კი "კულტურული მოზაიკა“ იქნება - მრავალფეროვანი ეთნიკური, ენობრივი თუ კულტურული ჯგუფებისგან შემდგარი საზოგადოების მეტაფორა, ერთგვარი მოდელი, სადაც ერთ სივრცეში თანაცხოვრების პარალელურად, თითოეული ჯგუფი საკუთარ უნიკალურ იდენტობას ინარჩუნებს.
მოგვიანებით, იმავე დღეს, მესამე შოუ უკვე ლოს-ანჯელესში გაიმართება, აშშ-ისა და პარაგვაის დაპირისპირებამდე. ტორონტოს სცენაზე მაიკლ ბუბლეს, ალესია კარასა და ალანის მორისეტს ვიხილავთ, აშშ-ში კი მაყურებლის წინაშე ქეითი პერი, Future, ანიტა, LISA, Rema და Tyla წარდგებიან.
სამივე ღონისძიების პროდიუსერი მარკო ბალიჩია - კრეატიული დირექტორი, რომელიც არაერთ ოლიმპიადას, მათ შორის 2026 წლის მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ხელმძღვანელობდა.
2026 წლის მუნდიალის პირველი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.