"სავარაუდოდ ეს სეზონი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება" - გურამ კაშია
დღეს, კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ბრატისლავის სლოვანი ალკმაარს ესტუმრება, მატჩი 20:45 საათზე დაიწყება. დაპირისპირებამდე ნიდერლანდურმა მედიამ, Ziggo Sport-მა ქართველ მცველთან, გურამ კაშიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ზურგი ძალიან მტკივა, მაგრამ სიმართლე გითხრათ თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემს ორგანიზმს ასაკი ემატება, მაგრამ მგონია, რომ ავზში რამდენიმე ლიტრი ბენზინი კიდევ დამრჩა.
სლოვანთან ერთად 4-ჯერ ვიზეიმე ჩემპიონობა, იმედია მეხუთესაც მოვიგებთ და სავარაუდოდ ეს სეზონი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება.
თუ ვიტესს დავჭირდები კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ, ეს ჩემი ოცნებაა, სხვა შემთხვევაში კი წავალ. იმედია ერთ დღეს ვიტესში როგორც ფეხბურთელი ისე დავბრუნდები, თუ არადა მზად ვარ ბალახის მომვლელადაც კი ვიმუშავო. - გურამ კაშია
Guram Kashia wil niets liever dan terugkeren bij Vitesse. https://t.co/RnAogYuG6B
— Voetbal International (@VI_nl) October 23, 2025
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ვიტესში 2010 წელს დინამო თბილისიდან გადავიდა და იქ 2018 წლამდე თამაშობდა. 38 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიდერლანდური გუნდის მაისური 293 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. გურამი 2016/17 წლების სეზონში ვიტესთან ერთად ნიდერლანდების თასის გამარჯვებული გახდა.
ვიტესის შემდეგ გურამ კაშიამ კარიერა ამერიკულ სან ხოსეში გააგრძელა, მისი მომდევნო კლუბი იყო ლოკომოტივი, ხოლო 2021 წლიდან დღემდე ბრატისლავის სლოვანში ასპარეზობს.