Belive

საქართველოს მეტოქე | რა ვიცით მონღოლეთის ნაკრების შესახებ?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

...რეალურად, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ 25 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლებს.

საქართველოში ფეხბურთი თითქმის ყველას უყვარს და ნებისმიერი მატჩი ინტერესს იწვევს, თუმცა არაა გასაკვირი, რომ მონღოლეთის ნაკრების დაგეგმილი ვიზიტი გულშემატკივარისთვის მოულოდნელი და ღიმილისმომგვრელი აღმოჩნდა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპულ ქვეყანასთან ითამაშებს. როგორც თავად მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება (რომელსაც Twitter-ზე 35 გამომწერი ჰყავს), ნაკრები "საქართველოს ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება, რომელსაც "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობენ".

პირველი არხის კომენტატორებს ამ მატჩისთვის საგანგებო მომზადება უთუოდ დასჭირდებათ: მონღოლეთის შემადგენლობაში ნაცნობი ფეხბურთელი საერთოდ არ გვხვდება. მაგალითისთვის, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, განბოლდ განბაიარია, რომელიც სლოვაკეთის მეორე დივიზიონის მეოთხეადგილოსან "კომარნოშია" განათხოვრებული და მისი სატრანფერო ღირებულება სულ რაღაც €125,000-ს შეადგენს.

image

გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობა მონღოლურ კლუბებშია გადანაწილებული. ყველა დროის ბომბარდირები, 8-8 გოლით ნიამ-ოსორ ნარანბოლდი და დონოროვინ ლუმბენგარავი არიან - ამ უკანასკნელმა ბუცები ლურსმანზე 2014 წელს ჩამოკიდა.

ისტორიის თვალსაზრისით, საქართველოს მონღოლეთთან არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა აკავშირებს. ამ შემთხვევაში, ფავორიტები ჩვენ ვიქნებით. გაუგებარია, რა მიზნით გახდა საჭირო ფიფა-ს რეიტინგში 183-ე ადგილზე მყოფი გუნდისთვის ბათუმში ექსკურსიის მოწყობა, რა გამოცდილებას მიიღებენ ქართველი ფეხბურთელები მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტეს გუნდთან დაპირისპირებისას და ზოგადად, რა მნიშვნელობას ატარებს ეს მატჩი - სავარაუდოდ, პასუხს ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ვილი სანიოლისგან მოვისმენთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონღოლეთთან სპარინგი "ჯვაროსნებისთვის" ერთგვარი გახურების ფუნქციას შეასრულებს: 3 დღეში, საშინაო არენაზე, საქართველოს ნაკრები ერლინგ ჰოლანდს და ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, მატჩი 25 მარტს, ბათუმში გაიმართება. 12 ოქტომბერს კი "ჯვაროსნები" ტაილანდს უმასპინძლებენ. ამას კი ცალკე გადააზრება დასჭირდება.

სხვა სტატიები