სადებიუტო მატჩი და ისტორიული მიღწევა - ედინ ჯეკო შალკეში ბრწყინვალედ იწყებს
სულ რამდენიმე დღის წინ, 39 წლის ბოსნიელი ფორვარდი, ედინ ჯეკო გერმანიაში გადაბარგდა, კერძოდ კი, ბუნდესლიგა 2-ში, შალკეს შემადგენლობაში და კლუბს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს.
შალკე, რომელიც ბუნდესლიგა 2-ს 19 ტურის შემდეგ 39 ქულით ლიდერობს, ბოლო ტურში შინ კაიზერსლაუტერნს დაუპირისპირდა. დრამატული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ედინ ჯეკოს, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა და სადებიუტო მატჩშივე გოლი გაიტანა, თანაც უმნიშვნელოვანესი - მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა, მან 86-ე წუთზე სხვაობა შეამცირა (1:2), მატჩის ბოლო წუთზე კი შალკემ ანგარიში გაათანაბრა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ვეტერანი ბოსნიელისთვის სადებიუტო მატჩში გოლი ისტორიული გამოდგა, კერძოდ - ედინ ჯეკო გახდა ბუნდესლიგა 2-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. მან ამ ყველაფრის გაკეთება 39 წლისა და 314 დღის ასაკში შეძლო.
📊 Edin #Dzeko became the oldest goalscorer in 2. Bundesliga history.#Bundesliga2 #S04 #S04FCK pic.twitter.com/GqrJWdvxRQ
— Bundesliga 2 | English (@Bundesliga2_EN) January 25, 2026
შალკე ბუნდესლიგა 2-ში პირველ პოზიციაზე იმყოფება და ბუნდესლიგის საგზურისთვის იბრძვის. გელზენკირხენური კლუბი ბუნდესლიგაში ბოლოს 2022/2023 წლების სეზონში ასპარეზობდა, მას შემდეგ მათ ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ, ახლა კი ყველაზე რეალური შანსი აქვთ.
რაც შეეხება ედინ ჯეკოს, ძალიან გამოცდილ ბოსნიელ ფორვარდს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს - იგი 2007-2011 წლებში ვოლფსბურგში ირიცხებოდა, სადაც კლუბთან ერთად ჩემპიონიც გახდა (2008/2009 წლების სეზონში). მას ბუნდესლიგაში 111 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 66 გოლის გატანა და 27 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.