Belive

ფეხბურთის ძალა | ეკვადორში ეროვნული ზეიმი და უქმე დღე გამოცხადდა

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ეკვადორში ნამდვილი საფეხბურთო ბედნიერება ტრიალებს. ქვეყნის პრეზიდენტმა - დანიელ ნობოამ, ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული უქმე დღე მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ეს ისტორიული მოვლენა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების 2:1 დამარცხებას მოჰყვა.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში ეკვადორის საფეხბურთო გუნდს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ფეხბურთელებსა და მწვრთნელ სებასტიან ბეკასესეს, რომლებმაც კრიტიკის, შეურაცხყოფისა და მძიმე პერიოდის მიუხედავად, შეძლეს ფეხზე წამოდგომა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანეს. ხვალ უქმე დღეა! გაუმარჯოს ეკვადორს!“ - დანიელ ნობოა

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ეკვადორი აუტსაიდერის სტატუსით სარგებლობდა, რადგან მანამდე კოტ დ'ივუართან (0:1) წააგო, ხოლო კურასაოსთან უგოლო ფრე ითამაშა. თუმცა, „ნიუ-იორკ/ნიუ-ჯერსის“ სტადიონზე ბეკასესეს გუნდმა ნამდვილი ხასიათი აჩვენა. მართალია, გერმანიამ მატჩი აქტიურად დაიწყო და ლეროი სანეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ სამხრეთამერიკელები არ გატყდნენ.

სულ რაღაც მე-9 წუთზე, ნილსონ ანგულომ მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი და შორეული, ბრწყინვალე დარტყმით მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა (1:1). ამ გოლის შემდეგ ეკვადორმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა, მაღალი პრესინგითა და კონტრშეტევებით გერმანელთა თამაშის რიტმი სრულად მოშალა და მოედანზე უპირატესობა მოიპოვა.

მატჩის კულმინაცია 77-ე წუთზე დადგა. კუთხურის გათამაშების შემდეგ, კევინ როდრიგესმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი კარისკენ დაატყა, სადაც ყველაზე სწრაფად გონსალო პლატა გაჩნდა და ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა და დამსახურებულად გავიდა მერვედფინალში.

სხვა სტატიები