სად არის ახლა რაიმონ დომენეკი?
6 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
საფრანგეთის უდიდესი მტერი
რაიმონ დომენეკისადმი საფრანგეთში უზომოდ ნეგატიური განწყობა იყო შექმნილი, გულშემატკივარი მას "საფრანგეთის უდიდეს მტერს" უწოდებდა. "საფრანგეთის პირველი მტერი ნიკოლა სარკოზი იყო, მეორე ადგილზე ალბათ მე ვიყავი," ამბობს იგი. 2010 წლის 30 ივნისს, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს დაემშვიდობა და მას მერე, შეიძლება ითქვას, საფეხბურთო სამყაროდან გაუჩინარდა. 2012 წელს, მან გამოსცა წიგნი, რომელსაც "სრულიად მარტო" (Tout Seul) ეწოდება. წიგნში მან განსაკუთრებით ნიკოლა ანელკა, ტიერი ანრი და ფრანკ რიბერი გააკრიტიკა: "მექსიკას ვეთამაშებოდით, ანელკამ შესვენებაზე მაგინა. სიტუაციის დაწყნარებას მხოლოდ პატრის ევრა ცდილობდა. ანელკამ მთელი გუნდი გაანადგურა და შემდეგ გალასთან ერთად იცინოდა. ანელკა და ანრი არიან პირველი ადამიანები, რომლებიც ჩაძირულ გემს ტოვებენ. რიბერი კი გურკუფს ვერ იტანდა, რაც მისი თვალებიდან ჩანდა. რიბერის ხასიათის შესახებ მაფრთხილებდნენ, მაგრამ არ გავითვალისწინებ, სულელი ვარ," იხსენებს დომენეკი. მიუხედავად იმისა, რომ ევრა გუნდის დამშვიდებას ცდილობდა, მან ვერ შეძლო გუნდის აჯანყების შეჩერება - დომენეკის წასვლა თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მოთხოვნა იყო.
ასტროლოგია და ფეხბურთი
დომენეკი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობაზე ფიქრისას, იგი ასტროლოგიურ ნიშნებს ენდობოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რობერ პირესი 2006 წლის განაცხადში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი მორიელი იყო. დომენეკი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია, თუმცა ასტოლოგიისადმი დიდ ინტერესს არ უარყოფს, რაც ამყარებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ დომენეკი გუნდს მართლაც არასტანდარტული მეთოდებით მართავდა. "ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული თითოეული საკითხით, რომელიც ადამიანებზე გავლენას ახდენს. ვსწავლობდი კომუნიკაციის ტექნიკებს, ტრანზაქციულ ანალიზს და ა.შ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ასტროლოგიით ვიყავი დაინტერესებული, მათ მე ჯადოქრად მომნათლეს. რეალურად, ასტროლოგია ადამიანის ხასიათის ამომცნობი საშუალებაა და არა მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობა," განაცხადა მან.