Belive

რომარიო: წერილი ნეიმარს

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

ნეიმარ,

სწორედ ის მომენტი დგება - ბიჭობიდან კაცობაში გარდამავალი წამი. ვიცი, რომ დღემდე, ადამიანებისგან, რომლებიც სიცოცხლეს სხვების ცხოვრებასა თუ კარიერაზე ლაპარაკში ატარებენ, ბევრი სისულელე, კრიტიკა თუ ლანძღვა მოგისმენია.

თავს ჭკვიანად არ მოგაჩვენებ და არც იმისკენ მიგითითებ, თუ როგორ იცხოვრო.

მე, რომარიოს, ზუსტად მესმის, თუ რას გრძნობ. დღეს ყველა იმას ლაპარაკობს, თუ როგორი ფეხბურთელი იყო O Baixinho (რაც პატარას, მოკლეს ნიშნავს), მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 1993 წლამდე, ჩემზე კარგს იშვიათად თუ მოისმენდი.

აკრიტიკებდნენ მოედნის მიღმა ჩემს საქციელს.

აკრიტიკებდნენ ჩემს განცხადებებს.

იმასაც კი ამბობდნენ, რომ უდისციპლინო ვიყავი.

მათთვის რომ დამეჯერებინა და წმინდანი ვყოფილიყავი, ვერ მივიდოდი იქ, რასაც მივაღწიე. საჯარიმოს გენიოსი, ტოპ ბომბარდირი...

არა, ეს ამპარტავნება არ არის, ამას თავდაჯერებულობა ჰქვია.

ისევე როგორც შენ, მეც შორი გზიდან მოვდივარ. სანამ ფეხბურთელი გავხდებოდი, ბევრი ვიბრძოლე და ყველაფერს მივაღწიე.

ასე რომ, პირველი, რისი თქმაც მინდა: იყავი ის, ვინც ხარ. კრიტიკოსები ყოველთვის გეყოლება. თუმცა მედია, გულშემატკივარი და ჩვენი ოპონენტებიც კი მაშინ გვაფასებენ, როდესაც ჩვენი ქცევა ნამდვილია.

შენს მსგავსად, მეც ევროპაში ვთამაშობდი. იმ დროიდან მახსოვს, რომ ჩემს ოპონენტებსა და გულშემატკივრებს ერთი რამ აერთიანებდათ:

ისინი პატივს მცემდნენ.

ჩემს დროს (და ეს არცთუ დიდი ხნის წინ იყო), ჩემი ტიპის მოთამაშეებს "ცუდ ბიჭებს" ეძახდნენ.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბოროტება მაქვს ჩადენილი.

სიმართლე გითხრა, ერთადერთი, ვისაც ჩემმა ნამოქმედარმა ავნო, თავად მე ვიყავი.

წარმოიდგინე, მე რომ ვყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ სხეულზე იმდენადვე იზრუნებდა, რამდენადაც ჩვენ რომ ვიცით, ის. ასე მგონია, რომ სახლში ერთით მეტი მსოფლიო ჩემპიონატის თასით დავბრუნდებოდი.

სწორედ ამაზე ვსაუბრობ.

შეასრულე შენი საქმე მოედანზე და დანარჩენი დაივიწყე, ხმაური მხოლოდ გარედან მოდის. ბრაზილიელ გულშემატკივარს ხანდახან არ ესმის, რამდენად რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა - ტურნირზე, სადაც შეცდომები არ მოსულა.

ყველამ იცის, რომ მოედანზე რაღაც განსაკუთრებულისა და გადამწყვეტის გაკეთება გსურს. კომენტატორების შეფასებით, "მოედნის ბოლო მესამედში" უნიკალური ხარ - მაშინ როდესაც მათ მოედანზე ფეხი არ დაუდგამთ.

არის ერთი რამ, რისი ხაზგასმა მინდა: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, მარტო ვერაფერს დაამარცხებ.

ვიცი, რომ იცი.

ჩემს ამბავს მოგიყვები.

01gj5y5fsevcfd4vc2n8

1994-ში, როდესაც ბრაზილიის ნაკრები აშშ-ში გაემგზავრა, ვთქვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებდით. გულშემატკივარისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს ამისი არ სჯეროდათ, თუმცა მოულოდნელად, შეიქმნა ამბავი მარადიული: "მსოფლიო ჩემპიონატი რომარიომ მარტომ მოიგო".

ეს სისულელეა! მსგავსი არაფერი მომხდარა. გაუვალმა ტაფარელმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატამდე გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკის ობიექტი იყო, ჩვენს წარმატებაში საკვანძო როლი შეასრულა - განსაკუთრებით იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ფინალში.

მსოფლიო ჩემპიონატს ალდაირისა და მარსიო სანტოსის შეთანხმებული თამაშის გარეშე ვერ მოვიგებდით.

ეს არ მოხდებოდა, გუნდი დუნგასა და მაზინიოს ძალას რომ არ დაყრდნობოდა.

უნდა ვილაპარაკო ვინგერების შესახებაც, შვედეთთან ჟორჟინიოს პასზე. რთული მატჩი იყო, მათმა მეკარემ ყველაფერი მოიგერია, ბურთს ბადეში გახვევა არ სურდა. მერე კი, ჟორჟინიომ მცველებს შორის ჩემი მოძრაობა შენიშნა (Live.ge: რეალურად, გოლი რომარიოს ინდივიდუალიზმის დამსახურებაა).

ლეონარდოზეც უნდა მოგიყვე? შენ ხომ მას უკვე პირადად იცნობ? თუ ბრანკოზე, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და ნიდერლანდებს მაგარი გოლი გაუტანა?

იცოდე რომ ყველაფერზე მაღლა ჩვენი ხასიათი და საერთო სულისკვეთება იდგა.

რაი ჩვენი კაპიტანი იყო და ყველა თანხმდებოდა, რომ 10 ნომერს იმსახურებდა, თუმცა გზა მაზინიოს დაუთმო, რადგან პერეირას ნახევარდაცვის ხელახლა ჩამოყალიბება სურდა. მოედანზე გასვლა ყველას უნდოდა, მაგრამ ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატი იყო. გვესმოდა, თუ რა იდო ფსონზე, ამას კი კომპრომისი სჭირდებოდა.

თითქმის არავის ახსოვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩზე მოგიყვები. 4 ივლისი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ ამერიკელებს მათსავე მოედანზე ვეთამაშებოდით. რთული შეხვედრა იყო, მითუმეტეს, ლეონარდო გააძევეს. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს.

GetPaidStock.com-6388abe2e08f0

წარმოგიდგენია, რამხელა წნეხი იყო?

მერვედფინალში, აშშ-ის ბაერიერის ვერგადალახვა რას ნიშნავდა?

ვგრძნობდი იმ მწველ კრიტიკას, რომელიც მარცხის შემდეგ თავს გაგვატყდებოდა:

"ბრაზილია საფეხბურთო ქვეყანა აღარაა".

"24 წელია ვეღარ იგებენ, რა სირცხვილია"!!!

"ბრაზილიაში საუკეთესო ფეხბურთელები აღარ თამაშობენ".

"ჩემპიონი არგენტინა გახდება".

ნახვარდაცვაში ავიწიე, ბურთი მივიღე და წინ დავიძარი. ამერიკელები ჩემ ირგვლივ იყვნენ, მათ შორის იყო ლალასი, რომელიც ჩემ გარდა, ყველა უფრთხოდა.

შემეძლო დარტყმა, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მივიღე. ბებეტო უფრო კარგ პოზიციაში იმყოფებოდა. ხალხი კი დღემდე იმას ამბობს, რომ გაცემა არ შემიძლია, წარმოგიდენია?!

ბებეტომ ბურთი მეტოქის კარში რბილად გადაგზავნა და შესაძლოა შენ არ იცოდე, მაგრამ ბრაზილიელებს კარგად ახსოვთ, რა მითხრა მან გოლის აღნიშვნისას, მისი ტუჩების მოძრაობა მთელმა ბრაზილიამ წაიკითხა:

"მე შენ მიყვარხარ". ამის მერე, ყველაფერი დასრულებული იყო. ტიტულს ვერავინ წაგვართმევდა.

ამას იმიტომ გიყვები, რომ აგიხსნა ის, რაც ალბათ, უკვე იცი - მარტო ვერავინ იმარჯვებს, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატზე.

სამწუხაროდ, ბევრ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ მომიწია.

მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენად მინდოდა 1998 და 2002 წელს გუნდთან ერთად ყოფნა. სამწუხაროდ, ამისი საშუალება არ მომეცა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 1 ტურნირზე ვითამაშე და თანაგუნდელებთან ერთად, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღე.

ყველას მხოლოდ სიხარული და ზეიმი ამახსოვრდება. თუმცა თითქმის არავინ იხსენებს, ამდენწლიანი უშედეგო სერიის შემდეგ, ბრაზილიის ფორმით თამაში რამხელა წნეხს ნიშნავდა.

სხვებთან შედარებამ, შენი მნიშვნელობის გაფერმკრთალებამ და აზრისგან დაცლილმა კრიტიკამ, ფეხბურთელს შეიძლება ავნოს.

თუმცა შენ თამაშისგან სიამოვნების მიღების ბედნიერება გაქვს. მთავარია ის, რომ შენი თამაშით ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებ. უბრალოდ, ძალიან მაგარი ხარ!

შეიძლება კიდევ რაღაც გითხრა? წარსულში რომ დამაბრუნო, 1994-ის ტიტულის მოსაპოვებლად, ყველაფერს ისევ იმავე გზით გავაკეთებ. მე ჩემი ამბავი შევქმენი და მჯერა, შენც ამას იზამ. ბრაზილიელი ქომაგი ყოველთვის გვერდში გვიდგას, როდესაც ჩვენს მონდომებასა და გამარჯვების წყურვილს ხედავს.

იცოდე, რომ შენი მოედანზე ყოფნა ჩემთვის სიმშვიდის მომტანია. ვიცი, რომ იმ სულის მატარებელი ხარ, რომლის დანახვაც ბრაზილიელებს სურთ. ვიცი, რომ ბურთს იმ დროს მოითხოვ, როდესაც გუნდს ეს ყველაზე მეტად დასჭირდება. მეექვსე მსოფლიო თასით სახლში დაბრუნებას შენზე მეტად არავინ იმსახურებს.

ახლა შენი დროა. შენი მჯერა. ბრაზილიას შენი სჯერა.

ღმერთმა დალოცოს შენი გზა ყატარში.

სიყვარულით,

რომარიო.

სხვა სტატიები