Belive

როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს ინტერის წინააღმდეგ?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით მილანის "ინტერის" წინააღმდეგ (0:1) დამარცხდა.

ზურგის ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ეს 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელშიც მოედანზე 75 წუთი გაატარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ტალანტის თამაში განსხვავებულად შეაფასა.

Corriere dello Sport (5.5 ქულა): "სიმონე ინძაგიმ კვარაცხელიას ცხოვრება გაურთულა და მის წინააღმდეგ ბარელა, შკრინიარი და დარმიანი გამოიყენა. მიუხედავად მთელი ძალით მცდელობისა და გამბედაობისა, მან თავისი იმ აფეთქების წერტილის პოვნა ამ მატჩში ვერ მოახერხა, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია".

La Gazzetta dello Sport (5 ქულა): "შკრინიარმა და დარმიანმა ძლიერად ითამაშეს და კვარაცხელიას გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ქართველს ბრწყინვალება მაინც აკლია და თითქოს, პროგნოზირებადი ხდება".

AreaNapoli.it (6 ქულა): "ის ჯერ კიდევ არ არის ძალიან ბრწყინვალე, მაგრამ ის არ იმსახურებს უკმაყოფილო დამოკიდებულებას მრავალი რამის გამო. როდესაც ის ინთება, მეტოქეებისთვის ხიფათის შემცველი ხდება, ბარელა და მისი თანაგუნდელები  მის შესაჩერებლად უხეშ ხერხებს იყენებდნენ, რაშიც მათ მსაჯიც ეხმარებოდა, რომელიც ეპიზოდებში საკმარის დონეზე არ ერეოდა".

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას აქტივში, 18 ოფიციალურ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ, "ნაპოლის" 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს, უახლოეს მდევარ "მილანს" კი 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები