Belive

"როდესაც გრანადისგან ზარი მივიღე, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ იქ უნდა გადავსულიყავი" - ლუკა გაგნიძე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე ლა ლიგა 2-ის გუნდ გრანადაში იასპარეზებს. ნახევარმცველი ესპანურ კლუბში დინამო მოსკოვიდან 1-წლიანი იჯარით გადავიდა.

გრანადამ ქართველი ფეხბურთელი წარადგინა და ის მომდევნო სეზონში 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

პრეზენტაციისას ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კომენტარი გააკეთა:

როდესაც გრანადისგან ზარი მივიღე, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ იქ უნდა გადავსულიყავი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ბავშვობიდან ვადევნებ თვალს ამ ჩემპიონატს და ეს გუნდიც ყოველთვის მომწონდა, გრანადა დიდი კლუბია და მისი მიზანი ლა ლიგაში მოხვედრაა, ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.

ჩემს თავზე ბევრი საუბარი არ მიყვარს, უბრალოდ ვიტყვი, რომ აქ ყველაფერს გავაკეთებ, მიყვარს 6 და 10 ნომერზე თამაში, ჩემი თამაშის სტილი ბურთის ფლობაა და შეტევაში გადასვლა, მაგრამ ასევე შემიძლია ბურთის გარეშე თამაშიც, აქ ჩემს თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენ. - ლუკა გაგნიძე

ლუკა გაგნიძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თბილისურმა კლუბმა კი 2021 წელს ფეხბურთელი მოსკოვის დინამოში 1.5 მილიონ ევროდ გაყიდა. მას შემდეგ ნახევარმცველს იჯარით უთამაშია რუსულ ურალში, პოლონურ რაკოვში, კვლავ რუსეთში ამჯერად სამარაში და ბოლოს მოსკოვის დინამოში დაბრუნდა, სადაც 55 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლი, 4 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

სულ კარიერის განმავლობაში 95 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები