„რეალს სხვა მწვრთნელი სჭირდება“ — კასილასი მოურინიოს დაბრუნების წინააღმდეგია
იკერ კასილასის პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ლეგენდარულმა მეკარემ საჯაროდ დააფიქსირა თავისი კატეგორიული პოზიცია ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მადრიდული გრანდის ყოფილმა კაპიტანმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე დაწერა, პოსტი რასაკვირველია მოურინიოს მადირიდს რეალში დაბრუნებას ეხებოდა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოურინიოს კონტრაქტში არსებობს სპეციალური პუნქტი, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობას აძლევს, პორტუგალიელი სპეციალისტის რეალში დაბრუნების შესახებ ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, კასილასი მკაფიოდ აცხადებს, რომ მას „განსაკუთრებულის“ დაბრუნება არ სურს.
კლუბის ოფიციალური ანგარიშის მონიშვნით, კასილასმა პირდაპირ დაწერა:
„არ მინდა, რომ ის მადრიდის რეალში დაბრუნდეს. ვფიქრობ, დღეს არსებობს სხვა მწვრთნელები, რომლებიც უკეთ შეეფერებიან ჩემი საყვარელი კლუბის ინტერესებს“ - იკერ კასილასი
კასილასსა და მოურინიოს შორის ურთიერთობა წარსულში საკმაოდ დაძაბული იყო, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პორტუგალიელმა მეკარე სათადარიგოთა სკამზე დასვა და გუნდში განხეთქილება გამოიწვია. ამის მიუხედავად ესპანელმა ვეტერანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი შეფასება პირად დამოკიდებულებას არ უკავშირდება.
„მოურინიო დიდი პროფესიონალია. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და მეტი არაფერი,“ — აღნიშნა კასილასმა.
No tengo ningún problema con Mourinho. Me parece un gran profesional. No le quiero en el @realmadrid . Creo que otros entrenadores estarían mejor capacitados para entrenar en el club de mi vida. Opinión personal. Nada mas.
— Iker Casillas (@IkerCasillas) May 12, 2026
ლეგენდარულმა მეკარემ კომენტარი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო სეზონებში მიღებული შედეგები კლუბისთვის საგანგაშო სიგნალია. მისი თქმით, „სამეფო კლუბისთვის“ ორი სეზონი ტიტულის გარეშე დაუშვებელია.