Belive

"რეალი ყველაზე საშიში გუნდია" | რა თქვეს გვარდიოლამ და დონარუმამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური 4 დაპირისპირება უკვე გაიმართა, დღეს კი სხვა 4 წყვილი ითამაშებს. მთავარი დაპირისპირება მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის დაუხვდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ და ჯანლუიჯი დონარუმამ ისაუბრეს და რეალთან საკუთარი შანსები შეასაფასეს.

"ჩემი შეფასება ყოველთვის ადეკვატურია. როდესაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეს ეთამაშები, მაქსიმალური მობილიზება გმართებს, თუ ამას არ გააკეთებ, შედეგს ვერ მიაღწევ.

მბაპე დიდი დანაკლისია, ისევე როგორც ბელინგემი და სხვები, მაგრამ რეალისთვის ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლებელი არაფერია. ამ გუნდს სასწაულების მოხდენა შეუძლია და ეს არაერთხელ გვინახავს.

ფეხბურთელებს ყურადღებით თამაშისკენ მოვუწოდებთ, ბერნაბეუზე წარმატების მიღწევა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის დიდი ნაბიჯი იქნება - ნახევარდაცვაში დომინაცია უნდა გვქონდეს, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლია ბურთის და თამაშის ტემპის გაკონტროლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიზუსტე გამოვიჩინოთ.

ვინისიუსი ყველაზე საშიში ფეხბურთელია, მისი აჩქარებები, ტექნიკური არსენალი და გამოცდილება სამეფო კლუბისთვის ბევრს ნიშნავს.

დიახ, რეალში ახლა ყველაფერი რიგზე არ არის, რაც პირველ რიგში ტრავმიანობითაა გამოწვეული, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ამ გუნდისგან ყოველთვის ყველაფერია მოსალოდნელი.

ჰალანდი? მან საკმაო გამოცდილება მიიღო, რომელიც სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშს უკავშირდება.

ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი ინგლისში გადაწყდება, თუმცა როგორც გითხარით, აუცილებელია, საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ და ბერნაბეუ კმაყოფილებმა დავტოვოთ."

- პეპ გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჯანლუიჯი დონარუმა გაიყვანა, რომლემაც საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა მოახლოებულ დაპირისპირებაზე.

"ჩვენ ვიცით, რომ ბერნაბეუზე საოცარი ატმოსფერო იქნება. ასეთი თამაშებისთვის ქომაგების მხარდაჭერას რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სიტი წნეხს მიჩვეულია და აქ საუკეთესო ფეხბურთის საჩვენებლად ჩამოვედით.

რეალის ისტორია ყველაფერზე მეტყველებს, ეს გუნდი ევროსარბიელზე ყოველთვის ორმაგი ძალით თამაშობს - ისტორია, რომელიც სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე დაწერა, სრულიად წარმოუდგენელია.

ტიბო კურტუას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად მივიჩნევ, ის ძალიან საიმედოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდს სჭირდება. ბელგიელისგან ბევრი მისწავლია და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრის სწავლაა შესაძლებელი.

მე და მბაპე თანაგუნდელები ვიყავით და კარგად მომეხსენება, რა შესაძლებლობები აქვს ფრანგს. კილიანის სიწრაფე, ტექნიკური დარტყმა და სხვა უნარები განსაკუთრებულია. ვიმედოვნებ, ის ინგლისში მაინც შეძლებს თამაშს, რადგან ამას იმსახურებს." - ჯანლუიჯი დონარუმა

მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები