Belive

რატომ შეცვალა სიმეონემ მთავარი ფეხბურთელები?

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ატლეტიკო მადრიდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. გუნდმა ვერ შეძლო არსენალის დაცვის გარღვევა და მას შემდეგ, რაც ლონდონში 0:1 წააგო, ორი მატჩის ჯამში ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. წარუმატებლობის შემდეგ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დიეგო „ჩოლო“ სიმეონეა, რომელმაც რამდენიმე ისეთი ცვლილება გააკეთა, რომელთა ახსნაც რთულია.

მეორე ტაიმში (66-ე წუთზე), როდესაც გუნდი ჩამორჩებოდა, „ჩოლომ“ მოედნიდან ხულიან ალვარესი და ანტუან გრიზმანი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი ტიაგო ალმადა და ალექს ბაენა ჩართო თამაშში.

ალვარესის შემთხვევაში, ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ სიმეონეს არ სურდა მისი კიდევ უფრო მეტად დატვირთვა - არგენტინელმა უდიდესი ფიზიკური ძალისხმევა გაიღო, რათა უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის მზად ყოფილიყო. ითამაშებდა თუ არა არსენალთან ალვარესი, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ვრცელდება კადრებიც, რომ "ემირეიტ სტედიუმზე" ხულიანს გადაადგილება უჭირდა.

გრიზმანის შეცვლა უფრო გასაკვირია.

ასაკის მიუხედავად, ფრანგი თავდამსხმელი ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი იყო. ყველა შეჯიბრში (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი) ჩატარებულ 52 მატჩში, გრიზმანმა 14 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის, რომ სიმეონეს ხუთივე ცვლილება უკვე 66-ე წუთზე ჰქონდა შესრულებული მიუთითებს, რომ მისმა გეგმამ არ გაამართლა - მან თამაში საკმაოდ შემტევი ფეხბურთელებით დაიწყო (ანტუან გრიზმანი, ჯულიანო სიმეონე, ადემოლა ლუკმანი და ხულიან ალვარესი) - ატლეტიკოს 1 გოლი სჭირდებოდა და მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე, ამ ფეხბურთელებიდან მოედანზე არცერთი აღარ იყო.

The Athletic-ის ვერსიაა, რომ დაღლილი გრიზმანი მოედანზე ნახევარმცველების გაზრდის საჭიროებას შეეწირა, რადგან სიმეონე მიხვდა, რომ არსენალთან მომენტების შექმნის გარანტია, მინდორზე შემტევი ფეხბურთელების რაოდენობა არაა.

სხვა სტატიები