Belive

რა გავლენას იქონიებს გედეშის ტრანსფერი მამარდაშვილის მომავალზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი, გონსალო გედეში "ვალენსიას" დატოვებს და საკლუბო კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ "ვულვერჰემპტონში" გააგრძელებს. 25 წლის პორტუგალიელი შემტევის ესპანური კლუბიდან წასვლა "ღამურებისთვის" სპორტული თვალსაზრისით შესუსტების ტოლფასია, თუმცა ფინანსური კუთხით, ბიუჯეტის მმართველებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას აძლევს. საქმე ისაა, რომ გედეშის გაყიდვიდან მიღებულ 32 მილიონ ევროს, იასპერ სილესენის "ნაიმეგენში" დაბრუნებით მიღებული 1 მილიონი ევროც ემატება, რაც საერთო ჯამში, კლუბს ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებაში და ფინანსური სამართლიანი თამაშის (fair play) წესების დარეგულირებაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, "ვალენსიას" 8 მილიონი ევროს დახარჯვის თავისუფლება გამოუჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბს ხელფასების გაზრდის, კონტრაქტების განახლების, ახალი ტრანსფერების განხორციელებისა და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ექნება. ეს სასიკეთო ცვლილება პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე. 21 წლის ქართველი გოლკიპერისთვის კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა აქამდე ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდა, ახლა კი, როგორც ამას ესპანური მედია იუწყება, გადაწყვეტილება სისრულეში მოვა. "ვალენსიას" სურს რომ ახალგაზრდა ტალანტს, რომელიც უდიდესი ალბათობით, გუნდის მთავარი მეკარე იქნება, 2027 წლამდე გახანგრძლივებული ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მის გამოსასყიდ თანხად კი 100 მილიონი ევრო მიუთითოს. 2022/23 წლების სეზონის პირველ მატჩს “ვალენსია” 14 აგვისტოს, ლა ლიგაში დაბრუნებული “ჟირონას” წინააღმდეგ, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები